Accessibility links

site logo site logo

სამურაების დაბრუნება


ავტორი: ნანა აკობიძე

რიონის ხეობის მცველებზე ერთი არაჩვეულებრივი სათავგადასავლო დრამა მახსენდება: „უკანასკნელი სამურაი.“ ეს ორსაათნახევრიანი ფილმი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც შვილებთან ერთად ხშირად ვუბრუნდები საყურებლად. ზეპირად იციან ჩემი საყვარელი ეპიზოდები და უცებ-უცებ გადამიხვევენ ხოლმე სასურველ ადგილზე. მეც ვიცი მათი საყვარელი ეპიზოდები. განსაკუთრებით უყვართ ბოლო სცენა, როცა სასიკვდილოდ დაჭრილი კაცუმოტო ჰარაკირის გაკეთებაში ამერიკელ კაპიტანს თხოვს დახმარებას: „ღირსება მინდა, შევინარჩუნო!“.

ბოლოს ამ ფილმს იმ საღამოს ვუყურე, ხეობელებმა რომ თბილისი დატოვეს.

ფილმში სამურაები ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებას აპროტესტებენ. ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობას ეხება. სამურაების მეთაურს ღრმად სჯერა, რომ ეს ხელშეკრულება იაპონიისთვის ზიანის მომტანია და თუ იმპერატორს დაელაპარაკება, აუცილებლად გადააფიქრებინებს მასზე ხელისმოწერას.

ამ მიზნით ჩამოდიან ტოკიოში სამურაები, მაგრამ იმპერატორის მრჩევლებს საქმე უკვე გადაწყვეტილი აქვთ. „ისინი თანამედროვე სამყაროს კარგად იცნობენ, იციან, ქვეყნისთვის რა არის უკეთესი“ - უხსნის იმპერატორი სამურაების მეთაურ კაცუმოტოს. „ხალხი სულ დაივიწყეთ“- საყვედურობს კაცუმოტო. ცდილობს, მასში სინანული და პატრიოტული გრძნობები გააღვიძოს, მაგრამ იმპერატორი შეუვალია: თანამედროვე სამყაროს კარგად მცნობმა მრჩევლებმა ის უკვე დაარწმუნეს იმაში, რომ მოდერნიზაცია, რკინიგზა, თავისუფალი ვაჭრობა, ცივილიზაციის სხვა სიკეთეები ქვეყნისთვის აუცილებელია.

„იმპერატორს ვერაფერი შევასმინე“ - სინანულით იტყვის უკან, ხეობაში დაბრუნებული მთავარი სამურაი კაცუმოტო. „ხვალ ჩვენს წინააღმდეგ ჯარს გამოგზავნიან... ჩვენი გმირი წინაპრები 9 საუკუნის მანძილზე იცავდნენ ქვეყანას. მე ეს ვერ შევძელი“.

„თბილისს ვერაფერი შევასმინე. მე ეს ვერ შევძელი“ - თქვა ალბათ გულში ან ხმამაღლა უკან დაბრუნებულმა ვარლამ გოლეთიანმა, რომელსაც ზუსტად ასევე სჯერა, რომ ჩვენი გმირი წინაპრები საუკუნეები იცავდნენ ქვეყანას და დღეს მანაც უნდა დაიცვას იმ შესაძლო ზიანისგან, რასაც ნამოხვანჰესის აშენება გამოიწვევს ხეობაში.

მე თუ მკითხავენ (და უკვე მკითხეს სწორედ ლეჩხუმში და ლეჩხუმელებმა), ვიტყვი, რომ ქვეყანაში რკინიგზაც უნდა აშენდეს, ჰესიც, ბიბლიოთეკაც და ჩიტის სახლებიც. საერთოდ, ყველაფერი უნდა აშენდეს, რაც იმ დღის აღნიშვნის საშუალებას მოგვცემს, რომელსაც 26 მაისს „ვზეიმობთ“ (ბრჭყალებს შეგნებულად ვხმარობ: რასაც ბოლო წლები ვუყურებთ ყოველ 26 მაისს, ეს სამთავრობო, მკაცრი პროტოკოლის დაცვით ჩატარებული ღონისძიებაა, რომელიც შორსაა საერთო სახალხო ზეიმისგან - სამწუხაროდ). ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელია, ჩვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ნამოხვანჰესი ამ ორიდან რომელს მოგვიტანს მეტს - მწუხარებას თუ ბედნიერებას, ამის შემფასებლად მე ვერ გამოვდგები, ისევე, როგორც ვერ გამოდგება ბევრი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, ხეობის მცველი ადამიანი („ხეობის მცველი“ - დარჩეს ეს სიტყვათაშეთანხმება ისტორიას: ეპიკურად, ლამაზად ჟღერს). ამისთვის ქვეყანას და დარგს სწორი, კომპეტენტური მრჩევლები ჰყავს (უნდა ჰყავდეს), რომლებიც ყველა კითხვაზე სწორ, ლოგიკურ პასუხებს გასცემენ ქვეყანას, ინვესტორს, ვარლამსაც და ანოსაც (მოგეხსენებათ: საქართველო ანოსიცაა). თან მანამდე, სანამ მოსახლეობაზე კომპენსაციების გაცემა და, საერთოდ, ინვესტორის მოძიება დაიწყებოდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამომავლო ზიან-სარგებლის მკაფიო სურათთან ერთად, ათასგვერდიანი სამართლებრივი დოკუმენტიც უნდა იყოს დამუშავებული - ინვესტორის ვალდებულებების ნაწილში შესაძლო სამომავლო პრობლემების საპრევენციოდ.

მოდით, დავუბრუნდეთ „უკანასკნელ სამურაის“: ამ ფილმის მთავარი „მარილი“ ისაა, რომ იაპონიის ჯარის გასაწვრთნელად დაქირავებული ამერიკელი კაპიტანი, უბრალოდ რომ ვთქვათ, სამურაების მხარეზე გადავა - მათი სიმამაცით და ღირსების კოდექსით მოხიბლული და ბოლომდე იბრძოლებს მათ გვერდით. რიონის ხეობის „სამურაების“ მხარეს არავინ გადასულა მოწინააღმდეგე ბანაკიდან: არც ხელისუფლებიდან, არც კომპანია „ენკადან“ (არადა, როგორ ველოდი!).

ჩვენი ქართული დოკუმენტური ფილმი აქ ასცდა „უკანასკნელი სამურაის“ სიუჟეტს - ჯერჯერობით.

იმ ფილმის ყურებისას, ყოველთვის, ინფანტილურად ბავშვივით მაქვს სურვილი-მოლოდინი, რომ ამ ჯერზე სიუჟეტი შეიცვლება და სამურაები გაიმარჯვებენ.

რიონის ხეობის მცველების ფილმ-რეალობაში აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ ხეობელმა „სამურაებმა,“ პირველ რიგში იმიტომ, რომ ღირსება შეინარჩუნონ. შეუნარჩუნდეთ. ეს აუცილებელია მათთვის. ჩვენთვის. ქვეყნისთვის.

„ლექსი დაასრულეთ?“ - ეკითხება დაპატიმრებულ კაცუმოტოს მის საშველად მისული ამერიკელი კაპიტანი-ტომ კრუზი.

„ბოლო სტრიქონის დაწერა მიჭირს“ - პასუხობს კაცუმოტო.

ამ ბრძოლაშიც ბოლო სტრიქონია ყველაზე მნიშვნელოვანი: ვნახოთ, როგორ დაწერენ მას რიონის ხეობის სამურაების მეთაურები ვარლამი, მარიტა და მაკა.

მანამდე კი, სანამ მათი „ფილმი“ დასრულდება, ბესიკ ხარანაულის ლექსის ბოლო სტრიქონი ვიკმაროთ:

„წავიდნენ რიონის ხეობის მცველები

და ქალაქი დაცარიელდა.

ვიცი, მომენატრებიან.

დარცხვენილი ვერ ვივლი!

ჩემი ტანმოხატული ვეფხვები,

ბედნიერი რიონის ხეობის მცველები.“

პ.ს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთმა გამომძიებელმა განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე და რიონის ხეობის მცველებს შეუერთდა. „ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზეც, სინდისზეც, ნამუსზეც, როდესაც, უბრალოდ, მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა ქვეყნისთვის და შენ, ფორმიანი ადამიანი, რომელსაც გევალება საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და, პირიქით, ხელს უშლი მათ“ - ეს მისი განცხადებაა, სამურაების მხარეს გადასული პირველი „კაპიტნის“.

ალბათ, ის არ იქნება პირველი და უკანასკნელი, ვინც ღირსების სახელით დადგება ხეობის მცველების გვერდით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG