Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა „სირცხვილიას" ცნობით, აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დაკავების დროს ხელი მოიტეხა


გიგა მაქარაშვილი პირველი აქტივისტი იყო, რომელიც 3 ივნისს საქართველოს პროკურატურასთანი მიმდინარე აქციაზე დააკავეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" იუწყება, მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს. „პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს", - აღნიშნავს „სირცხვილია".

რადიო თავისუფლება ელაპარაკა გიგა მაქარაშვილს: „ე.წ. არამინცის საავადმყოფოში ვარ ახლა, სადაც დამადეს თაბაშირი, გადაუდებელ განყოფილებაში. ნავისებრივი ძვალი მაქვს ერთ ადგილას მოტეხილი, დაკავების დროს მომტყდა, ახლა მივყავართ და რომელ განყოფილებაში ჯერ არ ვიცი ზუსტად".

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, გიგა მაქარაშვილს პარლამენტის არჩეულ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან ერთად პროკურატურაში შესვლა სურდა. მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ პროკურატურასთან კორდონი მოაწყო და არ აძლევენ მოქალაქეებს შესასვლელში ყოფნის უფლებას.

ამ დროისთვის პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დაახლოებით ათი აქტივისტი არის დაკავებული.

როგორც „სირცხვილიას" აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რამდენიმე აქტივისტი არის შეკრებილი სამგორში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. „გვინდა გავიგოთ სად ჰყავთ დაკავებული აქტივისტები. ადვოკატები ცდილობენ შსს-ში შესვლას", - თქვა მან.

საპროტესტო აქცია ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით იმართება.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.

შსს-ს განცხადებით, პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG