Accessibility links

site logo site logo

გენიოსი, მაგრამ საშინელი ბავშვი


"საშინელი ბავშვი"( 2020, გერმანია, "Enfant terrible", რეჟისორი ოსკარ რიოლერი)

31 მაისს დიდი გერმანელი რეჟისორი, რაინერ ვერნერ ფასბინდერი, 76 წლის გახდებოდა. თითქოს საუკუნე გავიდა მისი მოულოდნელი დაღუპვიდან; 1982 წელს ფასბინდერი, რომელიც უკვე შესული იყო გინესების წიგნში როგორც რეჟისორი, რომელმაც 12 წელიწადში 40-ზე მეტი ფილმის გადაღება მოასწრო, კოკაინის ჭარბი დოზის მსხვერპლი გახდა. კინოს ისტორიისთვის 1982 წელი არც ისე შორეული წარსულია, მაგრამ ფასბინდერის სიკვდილის შემდეგ გერმანულ კინოში ბევრი რამ შეიცვალა - მოვიდნენ მისი ეპიგონები, რომლებიც ვერა და ვერ განთავისუფლდნენ "ფასბინდერის კომპლექსისგან". ფასბინდერზე აიღეს სწორება, მას ბაძავდნენ და ციტირებდნენ, თუმცა ვერავინ შეძლო 37 წლის ასაკში დაღუპულ რეჟისორთან მიახლოებაც კი. რაინერ ვერნერ ფასბინდერის ესთეტიკა ამის უფლებას არ გაძლევს. ეს ესთეტიკა უნიკალურია.

ფასბინდერის ასეთი გაკერპების ფონზე სულ მიკვირდა, რომ გერმანელი რეჟისორები ერიდებოდნენ მისი, მართლაც რომ, ძალიან ვნებიანი, "საშიში სურათებით" სავსე ბიოგრაფიის ეკრანიზაციას. არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს (ამის საშუალება მათ თავად ფასბინდერმა მისცა: მიუხედავად თავისი უკმეხი ხასიათისა, ყოველთვის სიამოვნებით თანხმდებოდა ინტერვიუებზე), მაგრამ ბაიოპიკის აშკარად ეშინოდათ. არსებითად გასაგებიცაა რატომ. ფასბინდერის ბიოგრაფია მეტისმეტად წინააღმდეგობრივია, მის შესახებ ათასი ლეგენდა შეთხზეს, სიმართლეც ბევრი თქვეს და ტყუილიც... ამას ემატება თავად რეჟისორის წინააღმდეგობრივი ხასიათი, ერთგვარი ბრძოლა საკუთარ თავთან, რომლის ასახვა მხატვრულ კინოში ნამდვილად ძნელია. პირველ რიგში, ფასბინდერის თაყვანისმცემლები გაილაშქრებდნენ ბაიოპიკის წინააღმდეგ - ზოგი რას დაუწუნებდა და ზოგი რას. ესეც ხომ ფაქტია - მიუხედავად იმისა, რომ რაინერ ვერნერ ფასბინდერი გერმანული კინემატოგრაფისტების კერპია, მის შემოქმედებას მაინც მკვეთრად განსხვავებულად აფასებენ.

ოსკარ რიოლერმა შესაძლებელია ამიტომაც თქვა უარი კლასიკურ ბიოგრაფიულ ფილმზე, მწყობრი სიუჟეტური სვლით. მან მოქმედება გადასაღებ მოედანზე გადაიტანა - ხაზგასმულად ბუტაფორიული დეკორაციებით, აი, ზუსტად ისეთით, გერმანელ ექსპრესიონისტებს რომ ჰქონდათ გასული საუკუნის 20-იანი წლების სურათებში, თავად ფასბინდერს რომ აქვს უკანასკნელ ფილმში "კერელი". გვიანდელი ფასბინდერის სტილი, ეს "გაუცხოება" რეალობისგან (ფასბინდერმა ხომ, პირველ რიგში, ბერტოლდ ბრეხტი გააცოცხლა კინოში) მოუხდა იმ სახეს, რომელსაც რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ოლივერ მაზუჩი ქმნიან. ისინიც ცდილობენ არ მოირგონ ბოლომდე პერსონაჟი, აიძულონ მაყურებელი დისტანციიდან შეფასოს გერმანული კინოს ლეგენდა. ფასბინდერი აქ სასტიკია. ისტერიულია. მანიპულატორია. იგი ძალადობს. იგი მასხრად იგდებს თავის მორიგ საყვარელს. იგი "საშინელი ბავშვია"... არსებითად ჩვენ ვუყურებთ ფილმს არა გმირზე, არამედ ანტიგმირზე. გენიოს ანტიგმირზე. უფრო მეტიც, "საშინელი ბავშვი" არის "ფილმი-ტროლი" (რატომაც არ უნდა არსებობდეს ასეთი ჟანრი ტროლებით სავსე მედიის ეპოქაში?) რეჟისორზე, რომელიც თამაშობს რაინერ ვერნერ ფასბინდერს - აცვია ისე, როგორც ეცვა ფასბინდერს და იღებს კინოს, რომელიც ფასბინდერის ფილმებს ჰგავს. ამითაა, პირველ რიგში, საინტერესო რიოლერის სურათი - "საშინელი ბავშვი" არის ზომიერი კარიკატურა კერპისა, რომელიც გერმანელმა კინემატოგრაფისტებმა შექმნეს არა "საშინელი", არამედ გენიალური რეჟისორისგან. ამ შემთხვევაში გასაგები ხდება, რატომ იწყება ფილმი ფასბინდერის "კერელის" ციტირებით: "ყველა კლავს იმას, რაც ყველაზე ძალიან უყვარს" - მღერის ჟანა მორო ფილმში, რომლის მსოფლიო პრემიერას რაინერ ვერნერ ფასბინდერი ვეღარ მოესწრო. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ რიოლერმა ჩვენს თვალწინ გაანადგურა გერმანული კინოს პატრიარქი. თანაც, ისე, რომ არაფერი მოუგონებია, არაფერი დაუბრალებია მისთვის - ასეთი იყო, ყველამ იცოდა. აგერ, მისი გარდაცვალების შემდეგ მსახიობი ინგრიდ კავენი, რეჟისორის პირველი ცოლი, იგონებდა: "ფასბინდერთან მუშაობის დროს არ იცი, მისი ხელი, რომელიც შენსკენ მოემართება, დაგარტყამს თუ მოგეფერება. როცა გეალერსება, ხვდები, რაოდენ მგრძნობიარეა, მაგრამ მოლოდნელად ის, რაც ადრე სიამოვნება იყო, მისი მოთხოვნა, ბრძანება ხდება. იგი გაწვალებს იმისთვის, რომ მიაღწიოს შენს გულწრფელობას". ასეთი შეფასებები მხოლოდ ხელს უწყობდა ფასბინდერის ეგზოტიზაციას, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის გაკერპებაში. მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ გასული საუკუნის 80-იან წლებში. დიდი დრო არ გავიდა, მაგრამ იმდენი მაინც გავიდა, რომ მოძრაობა "Me too" შექმნილიყო და გაძლიერებულიყო. დღეს ასეთი შეფასება, უბრალოდ, მოძალადის დახასიათებად ითვლება. რიოლერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან არ დამალა ფასბინდერის ცხოვრების ეს "ბნელი მხარე", თუმცა არა იმდენად პუბლიცისტურ-სწორხაზოვანი პათოსით ("Me too"-ს სტილში), რამდენადაც პატრიარქის სახის მსუბუქი პაროდირებით.

მაგრამ პაროდია რომ გამოგივიდეს, იმის დონეს ოდნავ მაინც უნდა მიუახლოვდე, რასაც დასცინი. მითის დანგრევა თუ გაბედე, იმის უნარი მაინც უნდა გქონდეს, რომ ნანგრევებში არ დარჩე. რიოლერს ჰყოფნის სითამამე და "ეთამაშება" კინოს პატრიარქს, მაგრამ ფასბინდერის გაქანებამდე ბევრი, ძალიან ბევრი აკლია. გერმანული კინოს მოყვარულებისთვის, ფასბინდერის მოყვარულებისთვის "საშინელი ბავშვი" სახალისო საყურებელია - სასიამოვნოა, როცა შენი საყვარელი რეჟისორის ფილმების ახლებურად გაცოცხლებულ ციტატებს ხედავ და იმითაც ერთობი, რომ ცდილობ გამოიცნო, ვინაა ეს ხალხი, ფილმის მსვლელობის დროს რომ ჩნდება ეკრანზე - აგერ, ფასბინდერის საყვარლები (ორმა მათგანმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც რეჟისორმა მიატოვა), კაცები და ქალები... აგერ, მისი მხატვრები, ოპერატორები... აგერ, ჰანა შიგულა. გამოიცნობ და კმაყოფილი ხარ! მაგრამ რამდენად დააინტერესებს ფილმი იმას, ვისაც თითქმის არა აქვს წარმოდგენა ახალი გერმანული კინოს ლიდერზე, მის ცხოვრებაზე? აი, ეს არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ "საშინელი ბავშვის" ნახვას ყველას გირჩევთ. ბოლოს და ბოლოს, რიოლერის ფილმი რაინერ ვერნერ ფასბინდერის შემოქმედების გაცნობას მოგანდომებთ, მისი ფილმების, ანუ "ორიგინალების", ნახვას. ფასბინდერის შემოქმედება კი მთელი ცხოვრებაა - 40-ზე მეტი ფილმი. ერთიმეორეზე უკეთესი! სატელევიზიო ფილმები, სცენარები, სპექტაკლები...

ამიტომ, მოდით, შევთანხმდეთ. ეს ტროლი-ბაიოპიკი იყოს შესავალი "საშინელი ბავშვის" შემოქმედებაში სამოგზაუროდ. ვისაც ფასბინდერის შესახებ ჯერ არაფერი გაგიგიათ, გაფრთხილებთ: მოგზაურობა სახიფათო იქნება!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG