Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს განჩინებით, ნინოწმინდის პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ყველა ბავშვმა - PHR


სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თითოეულმა ბავშვმა, აცხადებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

„დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ამ წამს, უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, - ამბობს ანა აბაშიძე, ორგანიზაციის იურისტი.

გაყვანის შემდეგ - PHR-ის შეფასებით - ბავშვები, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა დაბრუნდნენ მშობლებთან, ან გადავიდნენ მინდობით აღზრდაში, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

PHR-ის მტკიცებით, პანსიონში არსებობდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი, რის გამოც ისინი ითხოვდნენ ბავშვების გაყვანას.

„მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა და სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში“, - აცხადებს PHR და განაგრძობს: „სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი“.

PHR ამბობს, რომ სამართლებრივად მათ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების სახელით შეუძლიათ სასამართლოში დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ რიგში ეხება შშმ ბავშვებს. თუმცა, ორგანიზაციის იურისტების მტკიცებით, მოსამართლემ პანსიონი საფრთხისშემცველად შეაფასა ყველა ბავშვისთვის, რის გამოც, თითოეულმა არასრულწლოვანმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.

„შშმ ბავშვების საკითხი არის მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკა. თუ იქ არის საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში“, - აცხადებს PHR და ამატებს: „თუ ვინმე ეცდება, დროებითი განჩინების აღსრულებას ხელი შეუშალოს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG