Accessibility links

site logo site logo

ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანა დაწყებულია - ზრუნვის სააგენტო


სასამართლოს განჩინების აღსრულება და ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანა დაწყებულია, აცხადებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

„ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა“.

ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან 11 არასრულწლოვანი გამოიყვანეს, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

სააგენტოს მტკიცებით, არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებულია. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.

ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, განაგრძობს მუშაობას.

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

PHR-ის მტკიცებით, მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.

საქართველოს საპატრიარქო გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა, იურისტების განმარტებით, გასაჩივრება ვერ შეაფერხებს განჩინების აღსრულებას.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG