Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა შექმნას ჯგუფი ნინოწმინდის პანსიონის კრიზისზე სამუშაოდ - 40-მდე ორგანიზაცია და სპეციალისტი


ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო. ისინი მთავრობას მიმართავენ, შექმნას კრიზისის მართვის მულტიდისციპლინური და ინტერსექტორული ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს პანსიონის კრიზისზე რეაგირების ღონისძიებებს.

განცახდების ავტორები მიესალმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას ნინოწმინდის პანსიონიდან. მათი აზრით, ახლა ბავშვებზე ზრუნვა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს.

განცხადების თანახმად:

  • აუცილებელია ბავშვებისათვის დაცული, უსაფრთხო, მათი განვითარებისა და გადატანილ სტრესთან გამკლავებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა;
  • აუცილებელია ყველანაირი ძალისხმევა მიემართოს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისკენ, ამისთვის კი საჭიროა ოჯახების ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე ზრუნვა. იქ, სადაც ოჯახებში დაბრუნება შეუძლებელია, აუცილებელია ბავშვების უზრუნველყოფა ზრუნვის ალტერნატიული, ბავშვის უფლებებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფორმებით;

განცხადების ავტორების მტკიცებით, პანსიონის ზოგიერთი ყოფილი აღსაზრდელის მიერ გაჟღერებული ფაქტები - წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს (IRCT) შეფასებით - უტოლდება წამებას და არასათანადო მოპყრობას.

„საჭიროა სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება და ფაქტების დოკუმენტირება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამისთვის უნდა შედგეს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი პროფესიონალებით (იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები)“.

განცხადების თანახმად, ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლი ვერ იშუშებს ფსიქოლოგიურ და მორალურ ჭრილობებს, თუ მართლმსაჯულების სამართლიანი პროცესი არ შედგა.

სპეციალისტები ეხმიანებიან პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების თანდასწრებით „დაკითხვას“ უწობს ბავშვებს.

„[კადრებმა] კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვები იმყოფებიან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შესაბამისად, ძალადობის ქვეშ“, - აცხადებენ სპეციალისტები და ამატებენ: „აუცილებელია სპეციალურად მომზადებულმა პროფესიონალებმა (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები) იმუშაონ ბავშვებთან, შეაფასონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარება გაუწიონ ან გადაამისამართონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სერვისებში“.

განცხადების ავტორების მტკიცებით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის ზონა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველო წლებია, შლის ბავშვთა დიდ ინსტიტუციებს და ნერგავს ბავშვებზე ზრუნვის უსაფრთხო ალტერნატიულ ფორმებს.

„ჩვენს სახელმწიფოში არავის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვებზე ზრუნვის საკითხებში წავიდეს სახელმწიფო სტრატეგიის წინააღმდეგ და შექმნას ბავშვთა ახალი დახურული ინსტიტუციები“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  2. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  3. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი
  4. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT ქუთაისი
  5. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი - თბილისი
  6. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  7. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  8. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის
  9. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი
  10. ბავშვთა და მოზარდთა თერაპიის სტუდია ფელიქსი
  11. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP
  12. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
  13. საქართველოს EMDR ასოციაცია
  14. შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს აკადემია
  15. ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია
  16. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  17. ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
  18. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი
  19. საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია
  20. ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის, გეშტალთ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი საქართველოში
  21. ააიპ „მშობლები განათლებისთვის“
  22. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
  23. ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია
  24. კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი
  25. საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი
  26. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
  27. ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი „დიალოგი“
  28. ფსიქოთერაპიის სახლი კამარა
  29. თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი
  30. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  31. ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია
  32. პიროვნული და პროფესიული გავითარების სივრცე „კაიკონა“
  33. ა(ა)იპ ღია სახლი
  34. საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია/GYPA
  35. საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „კონტაქტი“
  36. თბილისის აუტიზმის ცენტრი
  37. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის - კოალიცია აერთიანებს სფეროში ჩართულ 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

PHR-ის მტკიცებით, მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.

ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან 11 არასრულწლოვანი გამოიყვანეს, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

საქართველოს საპატრიარქო გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა, იურისტების განმარტებით, გასაჩივრება ვერ შეაფერხებს განჩინების აღსრულებას.

პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG