Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს — თურქეთის ელჩი


„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქვთ პროტესტის ულფება, მაგრამ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს, აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი. ელჩის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

ელჩის თქმით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საქართველოს შიდა საკითხია, რაც მას აშფოთებს, კომპანია „ენკას“ მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

„ის [„ენკა“] კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების თანამშრომლობას“, - ამბობს ფატმა იაზგანი და განაგრძობს: „ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე გათვლილი. თუ „ნამახვანი“ ასეთია, მაშინ რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ. თუმცა, მე ვარ ყოველთვის შეშფოთებული, თუ არის რაიმე მუქარა თურქული კომპანიის, მისი თანამშრომლების მიმართ“.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ „ენკასთან“ დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში.

ხელისუფლების მტკიცებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG