Accessibility links

site logo site logo

ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრას ითხოვს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გამო


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს აშშ-რუსეთის სამიტამდე. ამის თაობაზე უკრაინის ლიდერმა განცხადა პორტალ Axios-ს.

ზელენსკის თქმით, ის იმედგაცრუებულია აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, არ შემოიღოს სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, შეხვდეს ბაიდენს „ნებისმიერ მომენტში და პლანეტის ნებისმიერ წერტილში“, რათა დაარწმუნოს ამერიკის პრეზიდენტი, რომ შეაჩეროს მშენებლობა.

ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მედიიდან შეიტყო ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ, რომ ის სანქციებისგან თავის შეკავებას აპირებს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს თავისი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ მუქარად აღიქვამს.

„ეს ნამდვილი იარაღია რუსეთის ფედერაციის ხელში. მთლად გასაგები არაა, რატომ აწვდის მას ვაზნებს ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც შეერთებული შტატებია,“ დასძინა ზელენსკიმ პროექტზე საუბრისას.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა Axios-ს განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განაგრძობს კიევთან კონსულტაციებს იმ რისკების მინიმუმამდე დაყვანის თაობაზე, რომლებსაც შეიძლება წარმოადგენდეს გაზსადენი უკრაინისთვის. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, 16 ივნისს ჟენევაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ბაიდენი კვლავაც დაუჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG