Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა: ფილიპ რიკერმა ნატოში ინტეგრაციაზე საქართველოს პროგრესი მაღალ დონეზე შეაფასა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა ნატოში ინტეგრაციაზე საქართველოს პროგრესი მაღალ დონეზე შეაფასა. მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა.

"განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ახალი გეოპოლიტიკური გარემო. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს...
​საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალი შეფასება მისცა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო მოახლოებულ ნატოს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს პროგრესი აისახება იმ დეკლარაციაში, რომელშიც განხილული იქნება ალიანსის ღია კარის პოლიტიკა...

ხაზი გაესვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა და მხარდაჭერა", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მოგვიანებით, გაიმართება ფილიპ რიკერის პრესკონფერენცია, რის შემდეგაც იგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანახმად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი გაგრძელდება სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც იგი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.

საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების ხელშეწყობა და რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG