Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტებისგან პანსიონის დასაცავად მოითხოვს რკინის კედლის აღმართვას


მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ნინოწმინდის პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საზოგადოებას პოლიციის წინაშე დაყენებული მოთხოვნა გააცნო. ის მოითხოვს ბავშვთა პანსიონის ჟურნალისტებისგან დასაცავად კედლის აღმართვას.

„მე ვიყავი პოლიციაში და ვთხოვე ასეთი რამ: გალავანთან გააკეთოს კედელი, რომლის იქითაც ჟურნალისტები ნებართვის გარეშე არ გადავლენ. დღეს მთელი დღეა სტრესის ქვეშ მუშაობენ. ჟურნალისტები გალავანზე სხედან, ფეხებით იქით...“ - განაცხადა მიტროპოლიტმა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში და დაამატა: - „მინდა პირდაპირ ეთერში მივმართო პოლიციას, თუ შეიძლება, გალავანს იქით ჟურნალისტები ნუ გადავლენ. ისეთი დასტრესილები არიან ეს ბავშვები, რომ დიდი „ფლაი ვეი“ დგას აქ, დიდი ლოკატორის ფორმა აქვს და ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საუბარს იწერენ“.

როგორც ეპარქიის ხელმძღვანელი ამბობს, 7 ივნისს ბავშვები ვერ წავიდნენ სკოლაში, რადგან ჟურნალისტების ეშინიათ. „თუ შეიძლება ბავშვებს გავუკეთოთ კორიდორი, მათ გადაღების შიში აქვთ, შორიდან გადაღებას არავინ გიშლით. ოღონდ ნუ გადაძვრებით თუ შეიძლება ტერიტორიაზე, არასრულწლოვნები ისტრესებიან, მე ვისტრესები“, - თქვა მან.

მიტროპოლიტმა დააზუსტა, რომ მოითხოვს ჟურნალისტებისგან დასაცავად რკინის კედლის აღმართვას, ან მავთულის, ან ლენტის გაბმას.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 20 მოზარდია გამოყვანილი. მათ შორის, შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მოზარდების პანსიონატიდან გაყვანის პროცესი ზრუნვის სააგენტომ 4 ივნისს დაიწყო. 5 ივნისს კი ამ პროცესს თან დაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ივანე ღლონტის გადაწყვეტილებაც, რომელიც მან უფლებადამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცა და რომელიც ნინოწმინდის პანსიონატიდან, პირველ რიგში, შშმ ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას ეხებოდა, რაკიღა PHR-ი შშმ ბავშვების საქმეების სპეციალური მოსარჩელეა.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულბაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG