Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 34 მილიონი გამოუყო ვაქცინაციის სისტემის გასაძლიერებლად


მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო მიიღებს დამატებით დაფინანსებას - 34.5 მილიონ აშშ დოლარს.

დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტურად გამოყენების ხელშესაწყობად და COVID-19-ის საპასუხო ზომების განმტკიცება.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2020 წლის მარტშიც გამოუყო 80 მილიონი აშშ დოლარი COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისთვის.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეს პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის - 4 მილიონზე მეტი PCR და ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ -ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის 11 მილიონი პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში. პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯანდაცვის დაწესებულებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო შესაძლებლობების განვითარებაში, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვით.

ამ პროექტიდან დაფინანსდა სოციალური დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებში ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80 000-მა ოჯახმა; დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25 000-მა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავს. ერთჯერადი დახმარება მიიღო 370 000-მა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160 000 -ზე მეტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG