Accessibility links

site logo site logo

გამყრელიძე: ივლის-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს 3 200 000 დოზა ვაქცინას


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყანა 3 200 000 დოზა კოვიდვაქცინას მიიღებს:

„გვაქვს დასტური, რომ ივლისი, აგვისტო, სექტემბერსა და ოქტომბერში, ქვეყანა მიიღებს 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას. ანუ, ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. ჩვენ ახლა ინტენსიურად ვემზადებით, რომ რეგიონებში იყოს მეტი მზადყოფნა. 250-მა ბრიგადამ კვირაში 7 დღე უნდა იმუშაოს, ყოველდღე 8 საათის განმავლობაში. ამ გზით, დღიური აცრების რაოდენობა 15 ათასამდე ავა“.

საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ივნისის ბოლომდე ქვეყანაში 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“ და ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ შემოვა.

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, მათ შორის „ფაიზერს“, თამარ გაბუნიას თქმით, დასრულებულია ფარმაცევტულ კომპანიასთან მოლაპარაკებების პირველი ფაზა და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაირკვევა, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და კომპანია „ფაიზერს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთი მილიონი დოზა ვაქცინის შესაძენად.

8 ივნისის მონაცემებით, ვაქცინის ორი დოზით ქვეყანაში 50 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი. ერთი დოზა მიღებული აქვს 130 000-მდე მოქალაქეს.

ვაქცინაცია საქართველოში მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG