Accessibility links

site logo site logo

UNICEF-ი პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესს აფასებს


გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. UNICEF-ი მზად არის დაეხმაროს მთავრობას, დიდი ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანაში. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება უნდა წარიმართოს ბავშვზე მორგებულად.

„ბავშვების მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვზე მორგებული პროცედურების დაცვით უნდა ჩატარდეს. შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იქნას თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია“, - ნათვამია იუნისეფის განცხადებაში.

სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ინსტიტუციებში მოთავსებულ ბავშვებს ძალადობის ან უდიერი მოპყრობის შესახებ ხმის მიწვდენის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დაფინანსებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნინოწმინდის პანსიონატიდან, ბოლო ორ დღეში გაყვანილი მოზარდები აღმზრდელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტებთან ლაპარაკობენ. ისინი ასახელებენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს და აღწერენ დასჯის იმ მეთოდებს, რომლებსაც აღმზრდელები ბავშვების მიმართ იყენებენ.

ბოლო ცნობით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან უკანასკნელ დღეებში 20 მოზარდია გამოყვანილი. მათ შორის, შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მოზარდების პანსიონატიდან გაყვანის პროცესი ზრუნვის სააგენტომ 4 ივნისს დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულბაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG