Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 250 მილიარდ დოლარამდე მოცულობის კანონპროექტი ტექნოლოგიების სფეროსთვის


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 250 მილიარდ დოლარამდე მოცულობის კანონპროექტი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ნახევარგამტართა წარმოების და ტექნოლოგიური სიახლეების გაძლიერებაზე, საიმისოდ, რომ შენარჩუნებულ იქნეს კონკურენტუნარიანობა მეტოქე ჩინეთთან მიმართებით.

იშვიათმა ორპარტიულმა კენჭისყრამ, მაჩვენებლით 68-32, აჩვენა, რომ ჩინეთთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ დაპირისპირებას ორივე პარტიის გაერთიანება შეუძლია. "ვინც გაიმარჯვებს რბოლაში სამომავლო ტექნოლოგიებისთვის, ის იქნება გლობალური ეკონომიკური ლიდერი, რასაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც", - თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (დემოკრატი - ნიუ-იორკი).

კანონპროექტს, რომელიც თეთრ სახლში ხელმოწერისთვის გაგზავნამდე ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, მყარად უჭერს მხარს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

პეკინმა აშშ-ის კანონპროექტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის "სავსეა ცივი ომის მენტალიტეტით და იდეოლოგიური მოსაზრებებით".

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია 50 მილიარდი დოლარი, რომელიც დაიხარჯება ნახევარგამტართა განვითარებასა და წარმოებაზე - საკითხზე, რომელიც წინა პლანზე დააყენა კორონავირუსის პანდემიის დროს შეფერხებებმა მიწოდების პროცესებში. აშშ მსოფლიოს ლიდერია ტექნოლოგიური ძალის თვალსაზრისით, თუმცა ნახევარგამტართა გლობალურ წარმოებაში მისი წილი შემცირებულია, 1990 წლის 36 პროცენტიდან 12 პროცენტამდე.

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია დაახლოებით 170 მილიარდი დოლარის დაფინანსება კვლევისა და განვითარებისთვის. საერთო ჯამში, კანონპროექტი ხუთი წლის განმავლობაში ხარჯვას გაზრდის 250 მილიარდი დოლარით - რაც, მხარდამჭერთა თქმით, ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა სამეცნიერო კვლევაში, რაც კი ამ ქვეყნაში ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG