Accessibility links

site logo site logo

ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე საკონსტიტუციო დავას აგრძელებს


საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ზურა ჯაფარიძე აგრძელებს საკონსტიტუციო დავას, რომლითაც გაირკვევა, კონსტიტუციური იყო თუ არა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა. რადიო თავისუფლება ზურა ჯაფარიძეს ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პარალელურად ესაუბრა.

ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა მისთვის.

"ჩემთვის პრინციპის საკითხია, რომ გაირკვეს, საქართველოს კონსტიტუცია საპარლამენტო უმრავლესობას აძლევს იმის უფლებას გადაწყვიტოს, დააბას პარლამენტში ადამიანი, რომელსაც მანდატზე უარი აქვს ნათქვამი. ასეთი უფლებამოსილება ზოგადად პარლამენტს არ აქვს. თუ უმრავლესობას მივცემთ იმხელა შესაძლებლობას, რომ ისე მოექცეს ადამიანებისგან არჩეულ ადამიანს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა შეიძლება დამართონ ისეთ ადამიანს, რომელსაც მანდატი არ აქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, იურისტების ნაწილმა მას უთხრა, რომ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ავტომატურად უფლებამოსილება შეუწყდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ საჩივრის ავტორ დეპუტატებს შეეხებათ გადაწყვეტილება.

"ცხადია, თუ მე საკონსტიტუციო სასამართლო მეტყვის, რომ პარლამენტმა არასწორად მითხრა უარი მანდატის შეწყვეტაზე, ეს ისედაც ლეგიტიმურობის პრობლემის მქონე პარლამენტს ლეგიმიტაციის პრობლემას უფრო შეუქმნის", - დასძენს ჯაფარიძე.

საქართველოს პარლამენტის სამმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ, ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ბოიკოტის რეჟიმის დროს მათ და საქართველოს პარლამენტის 50-მდე დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობამ უარი უთხრა საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე. მაშინ ეს საკითხი უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ახსნა.

დეპუტატმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შეწყვიტოს წარმოება მის მიერ პარლამენტის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ შეტანილ სარჩელზე.

კიდევ ერთი მოსარჩელეა „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის წევრი პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, თუ ფორმალური პროცედურით დაადგენს, რომ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება განცხადების ავტორის ნებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო დადგენილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG