Accessibility links

site logo site logo

ჯაღმაიძე ცდილობს პანსიონზე „პროპაგანდისტული შტურმი" პრაიდის კვირეულთან დააკავშიროს


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენების პრაიდის კვირეულთან დაკავშირებას ცდილობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში", - წერს „ფეისბუკზე" დეკანოზი.

5 ივლისს „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. „ღირსების მარშის" სლოგანი იქნება "გამოდი სოლიდარობისთვის".

გარდა ამისა, „თბილისი პრაიდი" პრაიდის კვირეულის ფარგლებში მოაწყობს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და მუსიკალურ ფესტივალს.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თითოეულმა ბავშვმა.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

პანსიონის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG