Accessibility links

site logo site logo

დიდი ბრიტანეთი აპირებს სხვა ქვეყნებს გაუნაწილოს ვაქცინების 100 მილიონი დოზა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის მარტში აიცრა

აშშ-ის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს დაეხმარება კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებით. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო სხვა ქვეყნებს 100 მილიონ დოზას გაუნაწილებს.

მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებაა ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ. მათი სამიტი დღეს იხსნება დიდი ბრიტანეთის კორნუოლის საგრაფოში. სავარაუდოა, რომ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები სხვა ქვეყნებს გაუნაწილებენ საერთო ჯამში, მილიარდ დოზა ვაქცინას. „დიდი შვიდეულის“ წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, კანადა და იაპონია.

სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, დიდ ბრიტანეთში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 92 ქვეყანა, რომელსაც დაბალი, ან საშუალო შემოსავალი აქვს და ასევე, აფრიკის კავშირის ქვეყნები აშშ-ისგან მიიღებენ „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონ დოზას.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აშშ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს, საქართველოცაა. 7 ივნისს, როცა თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG