Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს "მიშელის შეთანხმებასთან" თანხვედრაში მოიყვანს


"ქართული ოცნების" ლიდერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი პარტია გეგმავს უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იყო საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირება და 4-კაციანი ფრაქციების შექმნის შესაძლებლობა. როგორც პაპუაშვილმა თქვა, ახალი კანონპროექტი თანხვედრაში მოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტთან.

"იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმება ეხება რამდენიმე საკითხს, რომლისთვისაც საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილებები. ეს საკითხებია საარჩევნო ბარიერი და გენერალური პროკურორის არჩევის წესი. ასევე გახლავთ 4-კაციანი ფრაქციების შექმნის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით გვქონდა ოპოზიციასთან კონსულტაცია, მოხდება ახალი პროექტის ინიცირება, რომელიც სწორედ ამ საკითხებს გაითვალისწინებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან მსჯელობის შემდეგ გადაწყდება, რა იქნება ის მინიმალური ზღვარი, რისი გადალახვაც აუცილებელი იქნება მანდატების მოსაპოვებლად.

19 აპრილს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის დიდ ნაწილს შორის, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში მოხვდა, შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, უნდა შეიცვალოს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, შესაძლებელი გახდეს პარლამენტში 4-კაციანი ფრაქციების შექმნა და შეიცვალოს პარლამენტში გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი. შეთანხმებას ამ დრომდე არ უერთდებიან "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".

ამ შეთანხმების გაფორმებამდე, "ქართულმა ოცნებამ", იმის სანაცვლოდ, რომ პარტია "მოქალაქეები" დაიწყებდა საპარლამენტო საქმიანობას, გააფორმა მემორანდუმი და საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევისა და ფრაქციების შექმნის წესის ცვლილების ვალდებულება აიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG