Accessibility links

site logo site logo

ტიციან ტაბიძის უკანასკნელი მისამართი


აქ ცხოვრობდა ტიციან ტაბიძე,

მწერალი

დაიბადა 02.04.1895

დააპატიმრეს 09.10.1937

დახვრიტეს 16.12.1937

რეაბილიტირებულია 26.06.1954 “

2017 წლიდან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ლითონის პატარა მემორიალურ ფირფიტებს აკრავს იმ სახლების კედელზე, საიდანაც საბჭოთა „კაგებეს“ შუაღამისას ხალხი დასახვრეტად გამოჰყავდა. ამ პატარა დაფას „უკანასკნელი მისამართის“ ფირფიტა ჰქვია. 11 ივნისს ეს ფირფიტა გრიბოედოვის N18-ში ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმის კართან გააკრეს.

„დედა მაშინ 16 წლის იყო. უკვე ყველას ეძინა, როდესაც გაიგონეს, რომ კიბეებზე ხალხი ამოდიოდა. კარზე ზარი დარეკეს. დედა ადგა, ტიციანიც ადგა, ბებიაც. ორგანოს თანამშრომლები იყვნენ. ტიციანმა დედას უთხრა, ნიტა, შენ არაფრის შეგეშინდეს, შენ არასოდეს შეგრცხვება, ხალხს თვალებში შეხედო, მე ცუდი არაფერი გამიკეთებიაო... შემოდგომა იყო“, - ჰყვება მწერლის შვილიშვილი გივი ანდრიაძე.

იმ ზაფხულს, 22 ივლისს, პაოლო იაშვილი მწერალთა სახლში მივიდა და თავი მოიკლა. ეს იყო საჯარო პროტესტი საბჭოთა რეპრესიების წინააღმდეგ. ტიციანი და პაოლო განუყრელი მეგობრები იყვნენ - ქუთაისში გიმნაზია ერთად დაამთავრეს, ერთად გახდნენ „ცისფერყანწელები“. როდესაც მწერალთა სახლში პაოლოს „საჯარო გაკიცხვები“ იმართებოდა, ტიციანმა მონაწილეობაზე უარი თქვა. უკვე ამ დროიდან გახდა ცხადი, რომ საბჭოთა რეპრესიული მანქანა მის წინააღმდეგაც ამუშავდებოდა.

ლავრენტი ბერიამ რამდენჯერმე დაიბარა ტიციანი, დაწერე, რომ პაოლო ჯაშუში იყოო. არაფრით არ დათანხმდა. სიამის ტყუპებივით იყვნენ პაოლო და ტიციანი. ქუთაისში ცისფერყანწელთა ქუჩაა და ახლა იქ ტიციანის და პაოლოს ძეგლი დადგეს. ჯერ არ მინახავს“, - ამბობს გივი ანდრიაძე.

თავისით გაჩერებული საათი

საძინებელში ძველი, გაჩერებული საათი დგას. თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მექანიზმი სიძველისგან არ მუშაობს. საათი იმ ღამეს ზუსტად იმ დროს გაჩერდა, როდესაც ორგანოს თანამშრომლებმა ტიციანი სახლიდან წაიყვანეს. გაჩერდა თავისით და მას მერე აღარ ამუშავებულა. საათის წინ პიეროსა და კოლომბინას ფიგურები დგას - პაოლომ ტიციანს ქორწილში აჩუქა.

ბერიამ რომ დაიბარა, მას შემდეგ ორი თვე ტიციანი ძალიან ცუდად იყო - სულ ელოდებოდა, როდის მოაკითხავდნენ. სახლიდან არ გადიოდა. ცდილობდა არც თავად მიეღო სტუმრები, რომ შემთხვევით კიდევ ვინმე არ გაეხვია შარში.

„იმდენად ცუდად იყო, რომ ბებიამ [ტიციანის მეუღლე] ერთხელ ქუჩაში ნაცნობს უთხრა, მეშინია, ტიციანმაც თავი არ მოიკლასო. იმავე ღამეს მოვიდნენ წასაყვანად. როგორც ჩანს, იმ ადამიანმა დაასმინა. ტიციანსაც რომ თავი მოეკლა, სკანდალი იქნებოდა. საშინლად აწამეს, სანამ დახვრეტდნენ. აკანკალებული ხელით უწერია, ჯაშუში ვიყავიო. კიდევ ვინ იყო შენთან ერთად ჯაშუშიო, ჰკითხეს და ტიციანმა გიორგი სააკაძე დაასახელა ნოსტედან. მართლა წავიდნენ გიორგი სააკაძის მოსაძებნად“, - ჰყვება ნინო ანდრიაძე, ტიციან ტაბიძის შვილიშვილი.

ტიციანი 16 დეკემბერს დახვრიტეს სხვა უამრავ ადამიანთან ერთად, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ამის შესახებ არ უთქვამთ და ისინი კიდევ დიდხანს ელოდნენ, იქნებ გამოჩნდესო. შვილმა, ნიტა ტაბიძემ, უნივერსიტეტში რუსული ენა და ლიტერატურაც კი შეისწავლა, რადგან ეგონა, რომ მამა ციმბირში იყო გადასახლებული და ოჯახსაც იქ მოუწევდა ცხოვრება.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,

ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.

ლექსები იყო მისი საგზალი,

არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე

ქართული მზე და ქართული მიწა,

ბედნიერებას მას უმალავდენ,

ბედნიერება მან ლექსებს მისცა“ (ტიციან ტაბიძე)

ტიციან ტაბიძე ქალიშვილთან ერთად
ტიციან ტაბიძე ქალიშვილთან ერთად

ჭავჭავაძეების საჩუქარი

ბინა, რომელიც გრიბოედოვის N18-ში მდებარეობს, ტიციანის მეუღლეს, ნინო მაყაშვილს, ბიძამ, ალექსანდრე ჭავჭავაძემ, ქორწილში აჩუქა. ნინო ილია ჭავჭავაძის ახლო ნათესავიც იყო. ტიციანის დახვრეტის შემდეგ სახლში სხვა ხალხი შეასახლეს, თუმცა შესახლებულები პატიოსანი ადამიანები გამოდგნენ და ნივთებს ხელი არ ახლეს.

მწერლის ცოლ-შვილს მაშინ ძალიან გაუჭირდა, დახმარებასაც ბევრი ვერ ბედავდა, თუმცა მაინც ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით ბორის პასტერნაკი რუსეთიდან და ქურთი მეზობელი, რომელმაც ნინოს პომპონების გაკეთება ასწავლა, შემდეგ თავადვე ყიდდა ამ პომპონებს და ტაბიძეებთან ორიოდე კაპიკი მიჰქონდა.

75-წლიანი საიდუმლო

ტიციანზე ბევრი არაფერი ვიცით, რადგან მისი საქმე გაქრა. „კაგებემეს საქმე თავისი არქივიდან ლიტერატურის მუზეუმს გადასცა. სამხედრო გადატრიალების დროს პარლამენტის შენობა დაიწვა და ეს და კიდევ რამდენიმე ათეული მწერლის საქმე მას მერე არ უნახავთ. თუ როგორ მოექცნენ მას დაპატიმრების შემდეგ, დოკუმენტების დონეზე ეს არ ვიცით“, - ამბობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებელი ირაკლი ხვადაგიანი.

არსებობს სხვა დოკუმენტებიც - ტიციან ტაბიძის რეაბილიტაციის საქმე, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება და, სავარაუდოდ, ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, მაგრამ მკვლევრებს ამ საქმეზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგან საქართველოს კანონმდებლობა მას პერსონალურ ინფორმაციად მიიჩნევს.

„პოლიტიკურ ელიტებს აშფოთებს, რომ თუკი გამჭვირვალე იქნება არქივები, ბევრი გავლენიანი ადამიანის წარსული გახდება ცნობილი. კომუნისტური პარტიის საშუალო და მაღალი რანგის ფუნქციონერები დღეს პარლამენტში სხედან და სამინისტროებში მუშაობენ და ასევე არ ვიცით, სპეცსამსახურების რა ნაწილია დღეს პოლიტიკაში“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

დღევანდელი კანონმდებლობით, სანამ საქმის წარმოებიდან 75 წელი არ გავა, მანამდე ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება. ტიციან ტაბიძის რეაბილიტაციის საქმე 1954 წლით თარიღდება. შესაბამისად, მისი შესწავლა მკვლევრებს მხოლოდ 2029 წელს შეეძლებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG