Accessibility links

site logo site logo

დაკავებული ბელარუსი ბლოგერის მშობლებმა მერკელს მიმართეს დახმარებისთვის


დმიტრი და ნატალია პრატასევიჩები

ბელარუსში დაკავებული ბლოგერის მშობლებმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს მიმართეს თანადგომისთვის მათი ვაჟის განთავისუფლების საქმეში. ბლოგერი რამან პრატასევიჩი მინსკში დააკავეს ბელარუსის ხელისუფლებმა მას მერე, რაც თვითმფრინავი, რომლითაც ბლოგერი მიფრინავდა, აიძულეს, მინსკში დამჯდარიყო.

დმიტრი და ნატალია პრატასევიჩებმა, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი 10 თვის წინ, 12 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მათი 26 წლის ვაჟი, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური პატიმრები ბელარუსის ციხეებში, „ყოველდღიურად არიან სადიზმის და ძალადობის“ ობიექტები. „ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ ბელარუსის ციხეებში მყოფი უდანაშაულო ადამიანების განთავისუფლებაში“, აცხადებს პრატასევიჩის დედა მერკელისადმი მიმართვაში.

რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა, მაშინ დააკავეს, როცა ბელარუსის ხელისუფლებმა საეჭვო „ბომბის საფრთხის“ საბაბით Ryanair -ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, აიძულეს, დამჯდარიყო მინსკის საერთაშორისო აეროპორტში 23 მაისს.

დასავლეთს მძაფრი რეაგირება ჰქონდა მინსკის ქმედებაზე და მას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ უწოდა. ბელარუსის ხელისუფლების - სახელმწიფო მოხელეების მიმართ შემოღებულ იქნა სანქციები, ასევე დაწესდა ზომები ბელარუსიდან და ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენის გარშემო.

დასავლეთის მთავრობებმა ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესეს ადრევე მას მერე, რაც შარშან აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ ძალა იქნა გამოყენებული და ათასობით დემონსტრანტი დააკავეს.

„გთხოვთ, შეაჩერეთ ლუკაშენკა“, მიმართავენ პრატასევიჩები გერმანიის კანცლერს. „ყოველი დღე, არა, ყოველი საათი, რომელიც გადის, უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის, ბავშვებსაც, სიცოცხლედ უჯდებათ“, წერენ ისინი მერკელისადმი მიმართვაში. მათ თანახმად, ვაჟისთვის საპატიმროში გაგზავნილი წერილები ადრესატს არ მისდის და ადვოკატს მასთან თავისუფლად ურთიერთობა არ შეუძლია.

პრატასევიჩის მშობლები, ვიდეოს შესახებ, რომელზეც „იძულებით აღიარებაა“ გადაღებული, ამბობენ, რომ აშკარაა წამების კვალი, სხვათა შორის, გატეხილი ცხვირი და დალურჯებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG