Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება - დღის წესრიგში საქართველოს საკითხიცაა


„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა ნატოს სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს კი აქვს მოლოდინი, რომ კომუნიკეში „ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე იმედოვნებს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრესი სათანადოდ აისახება ალიანსის შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში.

„საქართველოს თემატიკა აქტიურად განიხილება, შეტანილია დღის წესრიგში, რომლის სათაურიც გახლავთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი“. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო განიხილება სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რაც არის საერთო ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ის პროგრესი, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით გვაქვს, არამედ რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით შეფასებები, ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან ასახული იქნება ნატო-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“ - პანელზე სახელწოდებით - Investing in resilience, რომლის დროსაც ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG