Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 ივნისს სრულდება "დიდი შვიდეულის" სამიტი ბრიტანეთში


დიდ ბრიტანეთში, კორნუელში, 13 ივნისს სრულდება სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების სამდღიანი სამიტი. ეს იყო ამ სახელმწიფოთა ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა თითქმის ორი წლის განმავლობაში. დიდი შესვენება გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ.

სამიტის მთავარი თემა პანდემიასთან ბრძოლა გახდა. „დიდი შვიდეული“ გეგმავს, განვითარებად ქვეყნებს უსასყიდლოდ გამოუყოს მილიარდი ვაქცინა. ნახევარი, 500 მილიონი დოზა, აშშ-ზე მოდის.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, თუმცა კონკრეტული შეთანხმების შესახებ არ გამოუცხადებიათ.

აშშ-ის ინიციატივით, სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, რამაც ჩინეთის მსგავს პროგრამას კონკურენცია უნდა გაუწიოს და დაიძლიოს ჩინეთის წინააღმდეგობა მცდელობისას, გაავრცელოს თავისი გავლენა.

12 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს უმცირესობების უფლებების დარღვევა. ბაიდენმა მიმართა წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს, შექმნან ჩინეთთან კონკურენციის ერთიანი ფრონტი.

ამას უკმაყოფილება მოჰყვა პეკინიდან - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ქვეყნების პატარა ჯგუფი“ „არ უნდა კარნახობდეს მსოფლიოს გლობალურ გადაწყვეტილებებს“.

კორნუელის სამიტის მონაწილეებმა იმსჯელეს რუსეთის მხრიდან საფრთხეების და მოსკოვთან თანამშრომლობის გზების შესახებ.

ჯო ბაიდენის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ორმხრივ შეხვედრაზე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის შესახებ იმსჯელეს. აშშ კრიტიკულია ამ პროექტის მიმართ, გერმანია მხარს უჭერს მას.

ვაშინგტონიც და ბერლინიც მიიჩნევენ ძალიან მნიშვნელოვნად, რომ რუსეთის გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით გაგრძელდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედების შემდეგ, თქვა მერკელმა შეხვედრის შემდეგ.

სამიტში მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, მისთვის ბაიდენი მე-13 ამერიკელი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი მეფობის მანძილზე შეხვდა.

ევროპაში აშშ-ის პრეზიდენტის მოგზაურობა გაგრძელდება ბრიუსელში, სადაც ის ნატოსა და ევროკავშირის სამიტებში მიიღებს მონაწილეობას. 16 ივნისს გაიმართება ბაიდენის პირისპირ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG