Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისზე: ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგო, იმ ღამით დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ყველას კარგად გვახსოვს ეს დღე. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ეს დიდი ტრაგედია. ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, ახალგაზრდობა. არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

6 წლის წინ მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი დაიკარგა. უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ათეული ოჯახი.

სტიქია 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და „მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG