Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი დანგრევის საფრთხეში მყოფი ობიექტიდან განსახლებას ითხოვს


ზუგდიდში, ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“ შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ახალი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში „ნგრევადის სტატუსის“ მქონე შენობაში უწევთ ცხოვრება.

მათი ინფორმაციით, მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დეკემბერში ახალი ბინებით დააკმაყოფილეს, 6 ოჯახი კი დატოვეს იმ მიზეზით, თითქოს ისინი რეალურად არ იყვნენ ამ შენობის მცხოვრებლები და ჰქონდათ ალტერნატიული ფართი.

აფხაზეთიდან დევნილ ნანა სალაყაიას თქმით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ირწმუნება, რომ ამ შენობაში ცხოვრობს 25 წელია, რასაც მარტივად დაადასტურებენ უბნის მცხოვრებლებიც.

მისი მტკიცებით, 6 ოჯახიდან ნაწილი სამკურნალოდ იყო სამედიცინო დაწესებულებაში, ზოგიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჯახის წევრის დაკრძალვაზე.

დღეს დასახლებაში იმყოფებოდა და დევნილებს შეხვდა პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. მისი სიტყვებით, ყოფილი სასტუმროს შენობა არის დევნილთა მორიგი დასახლება ზუგდიდში, სადაც ადამიანები არიან უსამართლობის მსხვერპლნი.

„ეს შენობა არის ნგრევადი შენობა. ეს ოფიციალურად არის დადასტურებული და მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული. აქ ცხოვრება არ შეიძლება... მოხდა ისეთი რამ, რომ 8 ოჯახი გადაიყვანეს და 6 ოჯახი, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში ადგილზე არ იყვნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახში ტრაგედიის და სხვადასხვა აუცილებელი საჭიროებების გამო, ამ ადამიანებს უთხრეს, რომ თქვენ აქ არ ცხოვრობთ და ბინებს ვერ მიიღებთო, რაც არის სრული აბსურდი... აქ აბსოლიტურად ყველამ იცის, რომ ესენი აქ ცხოვრობენ ძალიან დიდი ხანია და ასეთი ზერელე დამოკიდებულება, რომ ადამიანი იმ მომენტში აქ არ დაგხვდა და ამიტომ ადამიანების ბედი ასე განკარგო და ამ პირობებში, ოფიციალურად ნგრევად სახლში დატოვო, ეს არის სრულიად დაუშვებელი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი სიტყვებით, მას ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და იმედი აქვს, რომ დევნილებს სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში არ დატოვებენ.

ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“ შენობის მცხოვრებლებმა 9 ივნისს დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და ამ სამსახურის უფროსთან გელა ნაჭყებიასთან შეხვედრა მოითოვეს, რომელიც შეკრებილებს ადგილზე არ დახვდა.

მაშინ, დევნილთა საპასუხოდ, რადიო თავისუფლებას, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი მანჯავიძემ განუცხადა, რომ 2020 წელს სამეგრელოს რეგიონში დაახლოებით 70-მდე ნგრევადი, სიცოცხლისთვის საშიში ობიექტი დახურეს, სადაც მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ახალი ბინებით დააკმაყოფილეს. მათ შორის, როგორც „ნგრევადის“ სტატუსის მქონე ობიექტის მცხოვრებლებს, განსახლება კრიტერიუმების გარეშე შეეხო სასტუმრო „ეგრისში“ მყოფებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG