Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონიც იმავეს გააკეთებს, მოსკოვი მზად არის, გადასცეს კიბერდამნაშავეები


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გადასცეს სავარაუდო კიბერდამნაშავეები შეერთებულ შტატებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონიც იმავეს გააკეთებს მოსკოვის მიმართ და თუ ორივე სახელმწიფო შეთანხმებას მიაღწევს ამ საკითხში.

პუტინმა ეს კომენტარი გააკეთა ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც სახელმწიფო ტელევიზიით გავიდა 13 ივნისს, ჟენევაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან 16 ივნისის სამიტის წინ.

ორ სახელმწიფოს შორის კავშირები ძალიან დაძაბულია რიგ საკითხებში. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის შეხვედრა ხელს შეუწყობს ორმხრივი დიალოგის დამყარებას და პირადი კონტაქტების აღდგენას.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი შეხვედრაზე წამოჭრის საკითხს „გამომძალველი“ პროგრამით თავდასხმების შესახებ, რომელიც რუსეთიდან მოდის.

ეს საკითხი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც კიბერდამნაშავეთა ჯგუფმა, რომელიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების თანახმად, რუსეთიდან მოქმედებს, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე შეაღწია მილსადენის საოპერატოროში, ჩაკეტა მისი სისტემები და მოითხოვა გამოსასყიდი.

სისტემის გატეხვამ გასულ თვეში გამოიწვია მისი გაჩერება, რამაც რამდენიმე დღეს გასტანა, ამას მოჰყვა ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდა, პანიკური შესყიდვები და საწვავის ლოკალიზებული უკმარისობა სამხრეთ-აღმოსავლეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG