Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი შვიდეული": რუსეთმა თავი უნდა ანებოს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებას


„დიდი შვიდეულის“- მსოფლიოს სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც სამდღიანი სამიტი დაასრულეს 13 ივნისს ბრიტანეთის კორნუელში, გაავრცელეს კომუნიკე, რომელშიც რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს „მადესტაბილიზებელი ქცევა“ და „საზიანო ქმედებები“.

აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის და საფრანგეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ აქვთ ინტერესი, იქონიონ მოსკოვთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა.

კომუნიკეში, რომლის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეხვდნენ ერთმანეთს ბრიტანეთში“ კორნუელში, რათა დაამარცხონ კოვიდ-19 და „აშენონ უკეთესად", მათ მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს სხვა ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში ჩარევა, შეასრულოს თავისი ვალდებულება ადამიანის უფლებების სფეროში, გამოიძიოს და განმარტოს „თავის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება“, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების „სისტემური დევნა“ ასევე პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც რუსეთის ტერიტორიიდან ახორციელებს კიბერთავდასხმებს.

უკრაინის თაობაზე კომუნიკეში გამოხატულია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და გამოთქმულია მოწოდება უკრაინის აღმოსავლეთიდან და ყირიმიდან რუსეთის ჯარის გაყვანისკენ.

„დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის ნაწილია და არა შუამავალი“, წერია კომუნიკეში, სადაც ლაპარაკია მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე.

დოკუმენტში მოწოდებაა გამოთქმული ბელარუსის ხელისუფლების მიმართ, ჩაერთონ დიალოგში სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე ლაპარაკია ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე.

ბელარუსში ადამიანის უფლებების ღრმა დარღვევად არის შეფასებული სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმა მინსკის აეროპორტში და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერის, რამან პროტასევიჩის დაპატიმრება.

კომუნიკეში, სამიტის მთავარი საკითხის, პანდემიასთან ბრძოლის თაობაზე ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეების უშუალო განზრახვაა კოვიდ-19-ის დამარცხება და დასახულია მიზანი, პანდემია დასრულდეს 2022 წლისთვის. სამიტის მონაწილეთა პირობით, ღარიბ ქვეყნებს ისინი გამოუყოფენ ვაქცინის მილიარდ დოზას. ამის თაობაზე სიტყვიერად განაცხადა მასპინძელი ქვეყნის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამით არ დასრულდება ვაქცინის შეწირვის აქცია.

ცალკეა ლაპარაკი თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობაზე. სამიტის მონაწილეები ერთიანი არიან იმაში, რომ ემხრობიან თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას, როგორც წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG