პოლიტიკის ანალიტიკოსის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დღეისათვის საქართველო მთელი რიგი მაჩვენებლებით, მათ შორის შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და თავსებადობის თვალსაზრისით, გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, თუმცა ნატოში არიან სკეპტიკოსები და ნატოს შიგნით საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ კონსენსუსი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ჩვენ ვიქნებით ჩემპიონები“ ქვეყნის რეფორმირებისა და განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ნატოს შიგნით საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერებსაც მიეცემათ მეტი არგუმენტი და საშუალება იმისა, რომ სკეპტიკოსებს უთხრან, რომ ქვეყანა არის შემდგარი დემოკრატია და იმსახურებს ალიანსში გაწევრიანებას.
„სამწუხაროდ, აქ გვაქვს ხარვეზები, აქ გვაქვს ინსტიტუტების სისუსტე, გვაქვს კონკრეტული ინსტიტუტების პოლიტიზების რეალური ნიშნები და, შესაბამისად, ორივე მხარეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა იმისა, სადაც ჩვენ ვართ.
არის გერმანია, პირდაპირ რომ დავასახელოთ, რომელიც ყველაზე აქტიური სკეპტიკოსია. გერმანია არ არის მარტო. ჩვენ გვყავს ნატოს შიგნით ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერებიც. ეს არის შავი ზღვის წევრი ნატოს ქვეყნები. მაგრამ აქაც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რადგან ვაშინგტონი ორპარტიულად საქართველოს მეგობარია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა ვისხდეთ და ველოდოთ, როდის მიიღებენ თეთრ სახლში გადაწყვეტილებას, რომ გაააქტიურონ ნატოში საქართველოს გაწევრიანება“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.
მისი თქმით, საჭიროა ყოველდღიური, 24-საათიანი მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი აშშ-ის დღის წესრიგში დადგეს. „ამერიკა არის ზესახელმწიფო და მისი დღის წესრიგიც ძალიან დიდია“, - აღნიშნა მან.
დღეს, 14 ივნისს, ბრიუსელში, გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს საკითხი ნატოს სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში მოხვდა, რომელიც ეხება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს კი აქვს მოლოდინი, რომ კომუნიკეში „ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე იმედოვნებს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.
დაწერეთ კომენტარი