Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობისთვის კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლების გახანგრძლივება იგეგმება


საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა მთავრობისთვის კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლების გახანგრძლივებაზე. საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მოსმენით კენჭისყრაა საკმარისი.

კანონპროექტის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება.

ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ მსგავსი უფლება მთავრობას არ უნდა მისცენ, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში შეზღუდვებს უნდა აწესებდეს პარლამენტი. საპირისპირო მოსაზრება აქვთ უმრავლესობაში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი უფლება მთავრობას პანდემიის პერიოდში უნდა ჰქონდეს.

საქართველოს პარლამენტი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მთავრობას უკვე მეორედ გაუხანგრძლივებს კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლებას და მისცემს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობებს. პირველად მსგავსი უფლება გასული წლის 14 ივლისს მისცა, 29 დეკემბერს კი ექვსი თვით გაუხანგრძლივა.

პარლამენტისგან მიღებული უფლებით მთავრობა ამ დრომდე აწესებს კომენდანტის საათს. ექვს თვეზე მეტია, 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. წესის დარღვევისთვის მოქალაქეს 2000 ლარით აჯარიმებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG