Accessibility links

site logo site logo

ოპოზიციის თქმით, დაპატიმრებული ჟურნალისტი პრატასევიჩი მინსკის ღონისძიებაზე "ნადავლივით" ჩამოატარეს


ბელარუსის მთავრობამ დაპატიმრებული ბლოგერი, რამან პრატასევიჩი გამოიყვანა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მათ თავიანთი ვერსია გამოთქვეს იმის შესახებ, თუ რატომ აიძულეს გასულ თვეში "რაინეარის" თვითმფრინავს მინსკში დაფრენა - რასაც მწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

14 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ოპოზიციამ "სულისშემძვრელი" უწოდა, პრატასევიჩი სცენაზე იჯდა ოთხ ოფიციალურ პირთან ერთად, რომელთაგან ორს უნიფორმა ეცვა. "მან რაც უნდა თქვას, არ დაგვავიწყდეს, რომ ის მძევალია და რეჟიმი მას ნადავლივით იყენებს" - წერს ტვიტერით ფრანკ ვიაჩორკა, უცხოეთში მცხოვრები ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსი მრჩეველი.

მინსკში გამართული მედია ბრიფინგი რამდენიმე დიპლომატმა და რეპორტიორმა დატოვა მას შემდეგ, რაც აუდიტორიას მიმართა პრატასევიჩმა - რომელიც ბელარუსის დედაქალაქში კაგებეს საპატიმროში ჰყავთ დაკავებული. "ეს წუთია გამოვედით. არ ვიღებთ მონაწილეობას, როცა [პრატასევიჩი] აშკარად ზეწოლის ქვეშაა" - წერს BBC-ის ჟურნალისტი, ჯონა ფიშერი ტვიტერზე.

23 მაისს ბელარუსის მთავრობამ სამხედრო თვითმფრინავი დაადევნა რაინეარის სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, და აიძულა მინსკში დაშვებულიყო. სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ დააპატიმრეს ბორტზე მყოფი 26 წლის პრატასევიჩი და მისი რუსი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა. ბელარუსის ხელისუფლებამ მას შემდეგ ცალ-ცალკე გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს პრატასევიჩის და საპეგას აშკარად ზეწოლის შედეგად მიცემულ აღიარებებს. ბელარუსის მთავრობა, რომელიც ბომბის საფრთხის საეჭვო ვერსიაზე მიუთითებს თვითმფრინავისთვის მარშრუტის შეცვლის საბაბად, უარყოფს იძულებით დაფრენის ფაქტს. ბევრმა სახელმწიფომ ეს ნაბიჯი მიიჩნია თვითმფრინავის "სახელმწიფო გატაცებად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG