Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიცოცხლე, ცეცხლი, ცოცხი


ავტორი: ქეთევან არაბული

2012 წლის არჩევნებს წინ უძღოდა “ციხის კადრების” ჩვენება, რამაც “ქართული ოცნების” გამარჯვებაში გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი როლი მაინც შეასრულა. შემდგომში ოცნებამ და მისმა მომხრეებმა ამ კადრების აქტიური მონაწილე – ცოცხი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთგვარ სიმბოლოდ აქციეს და ხშირად მიმართავდნენ მას ენმ-ს დაცინვისა თუ დაკნინების მიზნით.

საინტერესოა, როგორი სიმბოლური დატვირთვა აქვს ცოცხს ზოგადად ქართულ ენაში, კერძოდ კი, როგორ მნიშვნელობას ანიჭებს მას ქართველი მწერალი, პოეტი და ფილოსოფოსი Gგრიგოლ რობაქიძე, რომლის შემოქმედება საბჭოთა საქართველოში აკრძალული იყო და, სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა, თითქმის საუკუნოვანი თუ არა, ნახევარ საუკუნეზე მეტი ინტერვალით (რამხელა ნაპრალია ერის კულტურის ისტორიაში!) გვიწევს მისი გაცნობა. ჩვენთვის თანდათან ნათელი ხდება, რომ მეოცე საუკუნის საქართველოს ჰყავდა ძალიან ღრმად მოაზროვნე, ფართოდ განათლებული და, რაც მთავარია, სულიერი ხილვების ადამიანი, რომელიც სწვდებოდა სამყაროს ფესვებს, მითოსურ საწყისებს, სიტყვების დაფარულ აზრს, ლოგოსს, რომელიც იყო თავდაპირველად...

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გრიგოლ რობაქიძის დაკვირვებები ქართულ ენაზე, მის ლექსიკაზე. Mმწერალს მიაჩნია, რომ ენა აზროვნებს ცალკეულ პიროვნებებზე უფრო ღრმად და რომ ენის კვლევის გზით, ენაში ხმარებულ სიტყვებსა და გამოთქმებზე დაკვირვების მეშვეობით შესაძლებელია ენის შემოქმედი ხალხის სულიერი სამყაროსა და შინაგანი არსის წვდომა. ქართველი ხალხის ხასიათის, მისი თავისებურებების, მისი მსოფლხედვის გამოსავლენად და ასახსნელადAგრიგოლ რობაქიძესთან ბევრი საყურადღებო აზრის მოძიებაა შესაძლებელი. Eეს ყველაფერი გამოწვლილვით შესწავლას მოითხოვს. ახლა მე მინდა ძალიან მოკლედ შევჩერდე მხოლოდ ერთ მის ენობრივ დაკვირვებაზე, რომელიც აკაკი ბაქრაძესაც აქვს შენიშნული გრ. რობაქიძისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში. გრიგოლ რობაქიძე ხედავს ძალიან ღრმა კავშირს სიტყვებს – სიცოცხლესა და ცეცხლს – შორის, მიუთითებს რა ამ სიტყვათა ძირების მსგავსებაზე და მათში დაფარულ აზრზე: ცეცხლი სიცოცხლისთვის ძალის მიმცემია, ის გამოხატავს მზის ცხოველმყოფელ, გამანაყოფიერებელ, განმწმენდ ძალას, სიცოცხლის განახლებას.

სიცოცხლისა და ცეცხლის ეს აზრობრივი კავშირი გაკვირვებას არ იწვევს ჩვენში, მაგრამ ამ სიტყვებთან საერთო ძირს ხედავს გრიგოლ რობაქიძე ასევე სიტყვაში ცოცხი, იგი ახერხებს ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობის გამოვლენას, გვთავაზობს რა მეტად საინტერესო დაკვირვებას: ცოცხით გვიან ანუ წმენდენ. ცოცხი განმწმენდი საშუალებაა და როგორც ასეთი, უშუალოდ უკავშირდება ცეცხლს. ცეცხლი ხომ არა მარტო წვავს, არამედ წმენდს კიდეც. ამასთანავე გრიგოლ რობაქიძე ხედავს გარკვეულ პარალელს ქართულ “ცეცხლსა” და “ცოცხს” და გერმანულ სიტყვას “Fegefeuer”-ს შორის, რომელიც სალხინებელს, ანუ განსაწმენდელს (რუს. чистилище) ნიშნავს. გერმანული სიტყვა ცეცხლსაც შეიცავს (Feuer) და დაგვას ანუ განწმენდა-საც (fegen “გვის”, ეს ზმნა ხომ ისეთ მოქმედებას აღნიშნავს, რომელიც ცოცხით სრულდება).

რა შეიძლება ითქვას გრიგოლ რობაქიძის ამ დაკვირვების შესახებ? შეიძლება თუ არა ენათმეცნიერების თვალთახედვითაც მართებულად ჩაითვალოს მწერლის აზრი ამ სამი სიტყვის ურთიერთკავშირის შესახებ? ენათმეცნიერთათვის ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ბგერების პირველადი მნიშვნელობის, მათი საზრისის შესახებ და, ბუნებრივია, ამ საზრისთან მიახლოების ყოველი ცდა არ შეიძლება არ იქცევდეს მათ ყურადღებას, მით უმეტეს, თუ ეს ცდა ენობრივი ნიჭით მომადლებულ ისეთ შემოქმედს ეკუთვნის, როგორიც გრიგოლ რობაქიძეა. ყველა დროის უდიდესი ენათმეცნიერისა და ენის ფილოსოფოსის ვილჰელმ ჰუმბოლდტის აზრით, “სრულიად ნათელია, რომ არსებობს კავშირი ბგერასა და მის მნიშვნელობას შორის, მაგრამ ამ კავშირის საკმაო სისრულით აღწერა იშვიათად ხერხდება, ხშირად ეს მიხვედრების სფეროა”. ჩვენი დროის გამორჩეული ქართველი ენათმეცნიერი ირინე მელიქიშვილი კი წერს: “ბგერათა მნიშვნელობების ქვეცნობიერებიდან ამოზიდვა უფრო ძნელია, ვიდრე მორფოლოგიური და სინტაქსური მნიშვნელობებისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ ნაკლები ძალით მოქმედებენ კანონზომიერებები. ხოლო ამ კანონზომიერებების წვდომა და ფლობა ხელეწიფება პოეტს”. ის, რომ გრიგოლ რობაქიძე თავისი შემოქმედებითი ბუნებით ნამდვილი პოეტია, ჩემი აზრით, ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნე, “ქართულმა ოცნებამ” ცოცხი ენმ-ს დამცირების მიზნით ამ პარტიის ერთგვარ სიმბოლოდ აქცია. “ნაცები და ცოცხები” – ასე აწყვილებდნენ ქოცები ამ ორ ცნებას. უნდოდათ დაცინვა, დამცირება, მაგრამ უნებლიედ ხოტბა გამოუვიდათ. ნაციონალურმა მოძრაობამ მართლაც შეასრულა ჩვენი ჩაბინძურებული 90-იანი წლების განმწმენდი ძალის ანუ ცოცხის ფუნქცია. გავიხსენოთ შევარდნაძისდროინდელი პოლიცია, იმავდროინდელი საჯარო მოხელეები, ქრთამების აღებ-მიცემობით გარყვნილი საზოგადოება ... ჩამოთვლა ალბათ შორს წაგვიყვანს.

ცოცხის როლის შესრულება არ იყო ადვილი, ეს არ იყო სტერილური ხელებით შესასრულებელი სამუშაო, მაგრამ ეს იყო აუცილებლად, გადაუდებლად შესასრულებელი სამუშაო, რათა ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის სუფთა ნიადაგი მომზადებულიყო.

რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? იმის მაგივრად, რომ დაეფასებინა ამ უძნელესი და ურთულესი საქმის შემსრულებლები (პირველ რიგში ვანო მერაბიშვილსა და მის მეგობრებს ვგულისხმობ), მან სცადა საზოგადოება ისევ იმ ბინძურ ყოფაში დაებრუნებინა...

მინდა ხაზი გავუსვა ჩემთვის ძალიან ღირებულ მინიშნებას, რაზედაც თვალი გრიგოლ რობაქიძის მიერ დანახულმა, ქართული სიტყვის სიმბოლურმა მნიშვნელობამ ამიხილა: ცოცხი განმწმენდი ძალაა. იქნებ სწორედ ქართულმა ენამ უბიძგა ქვეცნობიერად მეოცნებეებს ცოცხის განმწმენდი ძალის დაკავშირება ნაციონალურ მოძრაობასთან? ისინი სულ სხვა შინაარსს დებდნენ ამ სიტყვაში, მაგრამ ენის გენია სხვაგვარ ახსნას გვთავაზობს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ეს ახსნა ვაღიაროთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG