Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან ბაიდენის სამიტის დღის წესრიგშია ვაჭრობის, კლიმატის და რუსეთის საკითხები


15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან, ვაჭრობის, კლიმატის ცვლილებების და რუსეთისა და ჩინეთის მზარდი გავლენის წინაშე ერთიანი ფრონტის საკითხებზე სალაპარაკოდ.

მოელიან, რომ მხარეები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში განახლების დემონსტრირებას მოახდენენ, მას შემდეგ, რაც წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირობებში ეს კავშირები დაძაბული იყო. ისინი შეეცდებიან გადაჭრან რამდენიმე სავაჭრო დავა, მათ შორის უთანხმოება
Airbus-ის და Boeing-ის გარშემო, რომელიც უკვე 17 წელია არსებობს, და ორივე მხარე მეორეს ადანაშაულებს თვითმფრინავების ადგილობრივი წარმოების უკანონო სუბსიდირებაში. დიპლომატიური წყაროების თანახმად, შეთანხმების მიღწევას მომავალ თვეში იმედოვნებენ.

უფრო რთული საკითხი იქნება 25 პროცენტის ოდენობის გადასახადი ლითონზე და 10 პროცენტის ოდენობის ალუმინზე, რომელიც ტრამპმა ევროპას და სხვა ახლო მოკავშირეებს 2018 წელს დაუწესა.

ამასთან, ბაიდენი შეეცდება ფართო ევროპული მხარდაჭერის მოპოვებას მის ძალისხმევაში გაუმკლავდეს რუსეთს, 16 ივნისს ჟენევაში პუტინთან დანიშნული სამიტის წინ. 27 წევრისგან შემდგარი ბლოკი დაყოფილია თავის მიდგომაში რუსეთთან - რომელიც ევროკავშირისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო პროცესებში, მათ შორის ირანის ბირთვულ ხელშეკრულებაში და სირიისა და ლიბიის კონფლიქტებში.

ამასთან, აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თანახმად, აშშ-ევროკავშირის სამიტი თავის საბოლოო განცხადებაში ახსენებს ჩინეთის პროვოკაციული ქცევის გამო აღძრულ შეშფოთებასაც.

სამიტი განაახლებს ევროკავშირის და აშშ-ის თანამშრომლობას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ პარიზის ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და შეასუსტა გარემოს დაცვის კანონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG