Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მასობრივი ვაქცინაციისთვის ამცრელი ბრიგადები უნდა გაორმაგდეს


საქართველო ივლისიდან აპირებს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოებას. ამ პროცესის ოპერაციული გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ვაქცინაცია გაფართოვდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ვაქცინების იმ დოზების ხარჯზე, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს ზაფხულის პერიოდში და მის შემდგომ. გაბუნიას თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ადგილების შექმნა, სამედიცინო დაწესებულებების ამცრელი ბრიგადების რაოდენობის გაზრდა და საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების შექმნა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღეს ქვეყანაში მუშაობს 200-მდე ბრიგადა და საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება, განსაკუთრებით რეგიონებში.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, თუ დღეს თბილისში მუშაობს 94 ბრიგადა, მას უნდა დაემატოს 28, იმერეთში ამჟამად არსებული რაოდენობა - 18 უნდა გაიზარდოს 31-მდე და ა.შ. გაბუნია ამბობს, რომ ეს გეგმა განხორციელდება ვაქცინაციის პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებების დამატებით ჩართვით და საზოგადოებრივ სივრცეებში ამცრელი ცენტრების შექმნით. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ მიზნით კონსულტაციები მიმდინარეობს „მოლებთან“ და სხვა დიდ სივრცეებთან, რომელთა მოწყობაზე პასუხისმგებლობას აიღებენ სამედიცინო დაწესებულებები.

მისივე ინფორმაციით, კიდევ 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება თბილისში, მზად არის ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში:

„სამედიცინო დაწესებულებებს მიმდინარე პერიოდში ჰქონდათ დიდი დატვირთვა კოვიდის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე და კიდევ დამატებითი ფუნქციის თავის თავზე აღება მათ გაუჭირდათ. მაგრამ, ახლა კარგია, რომ კოვიდის დატვირთვა ეტაპობრივად მცირდება და მათ გამოხატეს მზაობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის".

გაბუნიამ დაადასტურა, რომ განიხილება აცრის მომსახურების ტარიფის გაზრდაც და ზუსტი ხარჯი სავარაუდოდ, ამ კვირაში წარედგინება ფინანსთა სამინისტროს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია თითო აცრის მომსახურებისთვის თანხის 5-დან 10 ლარამდე გაზრდაზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კი სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად ახორციელებს ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართული იქნებიან ტექნიკურად აღჭურვილი, სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელები და საზოგადოებრივ ადგილებში, საჯარო სამსახურებში დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან რიგის დაჯავშნაში.

თამარ გაბუნიას თანახმად, გააქტიურდება საინფორმაციო კამპანია და ამაში სახელმწიფოს დაეხმარება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შერჩეული კომპანია. გაბუნიამ დაადასტურა, რომ საინფორმაციო სისტემას ლოგისტიკური ხარვეზები ჰქონდა, ამიტომ, რამდენიმე უწყების ჯგუფი მუშაობს საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე, რათა გაზრდილი დატვირთვის პირობებში პრობლემა არ შეიქმნას.

რაც შეეხება ვაქცინების ახალ დოზებს, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით ივნისის ბოლომდე მიიღებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დარჩენილ, 43 000 დოზას. „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების ახალი დოზების ჩამოსვლის ზუსტი დრო მას არ უთქვამს.

15 მარტის შემდეგ, საქართველოში „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აიცრა 212 163 ადამიანი, მათგან სრულად, ორივე დოზით - 69 197 მოქალაქე. პირველი დოზის მარაგი თითქმის ამოწურულია.

XS
SM
MD
LG