Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატის იმუნიტეტის შესაწყვეტად მინიმუმ 90 ხმა იქნება საჭირო - კანონპროექტი


პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების შესაწყვეტად მინიმუმ მისი 90 კოლეგის თანხმობა იქნება საჭირო. კანონპროექტს "ქართული ოცნება" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში არეგისტრირებს.

ამ კანონპროექტით ცვლილებები შევა "პარლამენტის რეგლამენტში" და გაჩნდება ასეთი ჩანაწერი:

"პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება [დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობა] მიიღება დადგენილებით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით".

მოქმედი წესების მიხედვით, მსგავსი ნებართვის გაცემა შესაძლებელი იყო სხდომაზე დამსწრე დეპუტატების უმრავლესობის (არანაკლებ 51 დეპუტატის) თანხმობის შემთხვევაში.

ახლა დარეგისტრირებული კანონპროექტი რომ მოქმედი ყოფილიყო, ნიკა მელიას იმუნიტეტს 2020 წლის პარლამენტი, პრაქტიკულად, ვერ შეუწყვეტდა - მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში იყო, საპარლამენტო საქმიანობას ეწეოდა 96 დეპუტატი, მათ შორის 90 "ქართული ოცნებიდან", 6 კი ოპოზიციიდან. სხდომას კორონავირუსით ინფიცირების გამო ვერ ესწრებოდა მაშინდელი დეპუტატი თეა წულუკიანი, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი ან არ მიიღეს მონაწილეობა, ან არ დაეთანხმნენ.

ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესში ჩაერთვნენ ევროპელი დიპლომატები და ხანგრძლივი და მრავალრაუნდიანი შეხვედრების შემდეგ 19 აპრილს შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ეს საკითხი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG