Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: საქართველო "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 000 დოზას 22 ივნისს მიიღებს


დადასტურებულია, რომ 22 ივნისს საქართველო მიიღებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 43 000 დოზას, რომელსაც ძირითადად, გამოიყენებენ მეორე დოზით ასაცრელად. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საუბარია საერთაშორისო „კოვაქს-პლატფორმისგან“ მისაღებ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინების დარჩენილ დოზებზე. საქართველომ ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია, 43 200 დოზა, მარტის შუა რიცხვებში მიიღო.

ამირან გამყრელიძის თქმით, "არის უკვე მყარი მონაცემები", რომ საქართველო ივლისში მიიღებს სხვადასხვა ვაქცინის სულ მცირე 1-1.5 მილიონ დოზას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მოწოდების თარიღები მომავალი კვირის განმავლობაში გაირკვევა. კონკრეტული ვაქცინები გამყრელიძეს დღეს არ დაუსახელებია, თუმცა, ცნობილია, რომ ამ ეტაპზე საქართველო ისევ ელოდება ამერიკული „ფაიზერის“ და ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებს.

15 მარტის შემდეგ საქართველოში „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აიცრა 212 163 ადამიანი, მათგან სრულად, ორივე დოზით - 69 197. პირველი დოზის მარაგი თითქმის ამოწურულია. ვაქცინაციის გაფართოება ივლისიდან იგეგმება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე, ქვეყანაში მობილიზებული იქნება 3.6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG