Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას მთიანი ყარაბაღი მოინახულა


რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ილჰამ ალიევი მთიან ყარაბაღში. 15 ივნისი.
რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ილჰამ ალიევი მთიან ყარაბაღში. 15 ივნისი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მთიანი ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც მათ სომხური ძალები აკონტროლებდნენ 30 წლის განმავლობაში.

ერდოანი ბრიუსელში ნატოს სამიტში მონაწილეობის შემდეგ ჩავიდა ბაქოში, საიდანაც გაემგზავრა ფიზულიში. ეს რაიონული ცენტრი პირველი მსხვილი დასახლებული პუნქტია, რომელიც შარშან შემოდგომაზე მიმდინარე ბრძოლებისას დაიკავეს აზერბაიჯანის ჯარებმა. ფიზულიში ერდოანსა და მის მეუღლეს დახვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ფიზულიდან ორი ლიდერი გაემგზავრა შუშაში, რომელიც მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და რომლის აღება ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო მთიანი ყარაბაღის ომში. იქ ერდოანს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს საპატიო ყარაულით.

შუშიდან რამდენიმე კილომეტრში განლაგებული არიან რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომლებიც იქ იმყოფებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალით.

კონფლიქტის დასრულების შემდეგ ალიევმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა ყარაბაღი, ერდოანი კი იქ პირველად ჩავიდა.

16 ივნისს ორი ლიდერი ბაქოში დაესწრება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს თურქეთისა და უელსის ნაკრებ გუნდებს შორის.

სომხეთთან კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერს როგორც დიპლომატიურად, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდებით. კერძოდ, სამხედრო მოქმედებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანის იერიშებმა თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით.

გუშინ ერდოანი ბრიუსელში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, ის დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG