Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი ფუნქციების შესრულებაზე - TI-ის კვლევა


პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე, - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიგნება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის, რომელიც 2019-2020 წლის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას ეხება. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიგნება კვლევაში, რომელიც პარლამენტის საქმიანობას აფასებს.

"ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას. პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ მონიტორინგს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

  • პარლამენტის არცერთ კომიტეტში არ ჩატარებულა ისეთი სხდომა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს შეეხებოდა. გარდა ამისა, არ შეუმოწმებიათ შესაბამისი ნორმატიული აქტები;
  • კოვიდპანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;
  • ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე;
  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
  • მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგალითად, მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს. საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი 1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა.

კრიტიკული დასკვნების საპასუხოდ ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები. კერძოდ:

  • ქვეყნისათვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა სრულყოფილად უნდა განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა;
  • ოპოზიციის წევრები უნდა იყვნენ პრივილეგირებულნი მთავრობისთვის შეკითხვების დასმის დროს;
  • ოპოზიციის წევრებს (ოპოზიციურ ფრაქციებს) უნდა ჰქონდეთ უფლება კომიტეტის სხდომაზე მოიწვიონ გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
  • საპარლამენტო კონტროლის ისეთი მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი.
XS
SM
MD
LG