Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს პოლიციელებს პროვოკაციაში ადანაშაულებს


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა საქართველოს პოლიციელები პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლიციელები ხშირად არღვევენ სამხრეთ ოსეთის „საზღვარს" და ამით პროვოცირებენ. - ეს განცხადება კოჩიევმა 15 ივნისს ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალელ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ქართველი პოლიციელები, როგორც წესი, სამხრეთ ოსეთის საზღვარზე 15-20 მეტრის სიღრმეში შემოდიან და 1-2 წუთის განმავლობაში ჩერდებიან. მესაზღვრეების მიახლოებისთანავე კი საქართველოს ტერიტორიაზე გადადიან. ეს არის გამაღიზიანებელი ფაქტორი სასაზღვრო ჯგუფისთვის და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება“, - განაცხადა ეგორ კოჩიევმა. მისი თქმით, ოსურმა ჯგუფმა ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სოფლების ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არსებული საპოლიციო საგუშაგოს აღება მოითხოვეს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ბოლო ერთ თვეში ე.წ საზღვრის დარღვევის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი კი სანქციების გარეშე გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან.

პოლიციელების მიმართ კოჩიევის ბრალდების საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევები საოკუპაციო გამყოფ ხაზზე არ დაფიქსირებულა. ერგნეთის მე-100 შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა. გარდა ამისა, გააპროტესტა „ბორდერიზაციის“ და ახალგორში მოქალაქეების უფლებების დარღვევების საკითხები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG