Accessibility links

site logo site logo

„სირცხვილია" „ოცნებას" და ოპოზიციას მიმართავს შეაჩერონ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება


17 ივნისის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" ეხმაურება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას, სადაც განხილული იქნება მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის, დანიშვნისა და მოქმედი მოსამართლეების სხვა სასამართლოში გადაყვანის საკითხი, საერთო ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ვაკანსიაზე.

დღის წესრიგის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინებიან. ამასთან, იუსტიციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა თანამდებობებზე დანიშვნების თაობაზე.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაზე გადაწყდება, დაინიშნება თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლის თანამდებობაზე.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პირმა სასამართლო სისტემაში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მამა საქართველოს პარლამენტმა აირჩია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად", - აზუსტებს „სირცხვილია".

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ერთ დღეში მოსამართლეთა დანიშვნის მასშტაბური და ფორსირებული პროცესი, საერთო ჯამში ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს 9, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში 88 ვაკანტური ადგილის შევსებას. ამავე დროს სასამართლო სისტემის პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა გადაყვანა შეეხება სულ 8 ვაკანსიას.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოს ამბიციურ რეფორმას. დოკუმენტის თანახმად, უზენაეს სასამართლოში უნდა შეჩერდეს ყველა მიმდინარე დანიშვნა და დაიწყოს ახალი განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით. გამჭვირვალეობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა".

„სირცხვილია" მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და შეასრულოს 19 აპრილის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

სამოქალაქო მოძრაობა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა უპირველეს ყოვლისა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, ასევე გატარდეს ქმედითი ზომები სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების თვალსაზრისით. გარდა ამისა, დაიწყოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური და მყისიერი ინფორმირება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით.

19 აპრილს ხელმოწერილ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დოკუმენტში ნათქვამია: „უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG