Accessibility links

site logo site logo

რამან პრატასევიჩის მეგობრის, სოფია საპეგას მამა ლუკაშენკას შვილის შეწყალებას თხოვს


სოფია საპეგა

23 მაისს მინსკის აეროპორტში ოპოზიციური ტელეგრამის არხ NEXTA-ს ყოფილ მთავარ რედაქტორ, რამან პრატასევიჩთან ერთად დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას, მამამ შვილის შეწყალების თხოვნით ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმართა. ანდრეი საპეგას ვიდეომიმართვა გამოცემა „პრიმამედიამ“ გაავრცელა.

ანდრეი საპეგას სიტყვებით, მისი ქალიშვილი „იქ და იმ ადამიანთან აღმოჩნდა, სადაც და ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო“ და „თუ ის რაიმეს სჩადიოდა იმ პერიოდში, როდესაც პრატასევიჩთან ჰქონდა ნაცნობობა - ეს ნამდვილად სიყვარულის ისტორიაა და არა - რწმენის საკითხი“, - მიიჩნევს სოფია საპეგას მამა, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკას გულმოწყალებისკენ მოუწოდებს.
„საკმარისია სისასტიკე, ბოლო დროს სამყარო ამით გადაივსო,“- მოუწოდებს ანდრეი საპეგა.

საპეგა 23 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, აიძულა, მინსკში დამჯდარიყო.

მედიის თანახმად, საპეგა ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეჭვმიტანილია სოციალური დაპირისპირების გაღვივებაში, რაც 12 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ საპეგა ასევე ეჭვმიტანილია მასობრივი არეულობისა და ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებაში, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. სასამართლომ მას ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

29 მაისს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სოჭში იმსჯელეს საპეგას თემაზე. პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ყურადღებით ადევნოს თვალ-ყური რუსეთის მოქალაქის საქმეს. ისაუბრეს თუ არა მის გათავისუფლებაზე, ცნობილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG