Accessibility links

site logo site logo

გუმათში ჯებირი აიღეს, პოლიცია რჩება - სახელმწიფო რწმუნებული


იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით გუმათში ლითონის ჯებირის დემონტაჟი მხარეებს შორის მიღწეული შეთანმების ნაწილია. ის იმედოვნებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ასევე შეასრულებენ პირობას და არ შეზღუდავენ გადაადგილების უფლებას.

საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდება, ის რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის, აქედან გამომდინარე ხედავთ, რომ პირველი ჩვენი მხრიდან რაც იყო აღებული ვალდებულება ბარიერების მოხსნათან დაკავშირებით ხედავთ, რომ ბარიერები უკვე მოხსნილია და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარე, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხეობაში შესვლისას ის დაიცავს კანონს, ის არ შეზღუდავს ჩვენი თანამოქალაქეების გადაადგილების უფლებას, არ იქნება ხელყოფილი კერძო საკუთრება და არ იქნება შეზღუდული და გაადაკეთილი გზები“,- ამბობს ზვიად შალამბერიძე მედიასთან საუბარში.

მისი სიტყვებით, გუმათში არ დარჩება სამართალდამცველების არაპროპორციული ძალა, თუმცა პოლიცია ხეობას არ დატოვებს.

„ჩვენ დავაკვირებით მოვლენებს და იმდენი იქნება სამართალდამცავი ხეობაში რამდენიც სიტუაციიდან გამომდინარე იქნება საჭირო“,- ამბობს ზვიად შალამბერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში რკინის ჯებირები ცოტა ხნის წინ მოხსნა.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუმათში აგებული ბარიკადების დემონტაჟის პროცესს. იგი ამბობს, რომ იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პირველი ნაწილი შესრულებულად ჩაითვალოს და მოლაპარაკებები შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მიღწეული სხვა პირობების დაკმაყოფილებაც.

რკინის ჯებირების მოხსნა ერთ-ერთი პირობა იყო რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დასაწყებად. ამ საკითხზე გასულ შაბათს, 12 ივნისს შეთანხმდნენ მხარეები და ამისთვის ვადა ხვალამდე, 18 ივნისამდე იყო დათქმული.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.

ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG