Accessibility links

site logo site logo

ვარლამ გოლეთიანი: ბარიკადების დემონტაჟის შემდეგ ველოდებით სხვა პირობების შესრულებასაც


ვარლამ გოლეთიანი

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუმათში აგებული ბარიკადების დემონტაჟის ფაქტს. იგი ამბობს, რომ იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პირველი ნაწილი შესრულებულად ჩაითვალოს და მოლაპარაკებები შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მიღწეული სხვა პირობების დაკმაყოფილებაც:

„ველოდებით ჩვენ პასუხს დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით. ასევე იყო იმ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ჩვენი შეთანხმების შემდეგ, რომ პროკურატურის მხრიდან უნდა გაკეთებულიყო განცხადება დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით. ასევე უნდა გავიდეს პოლიციის ის რაოდენობა, რაც ხეობაშია მობილიზებული ბოლო პერიოდია. აქ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელსაც წყლის ჭავლის მანქანები, ზოგადად რობოკოპები და მთელი ეს შემადგენლობა ჰყავდათ აქ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამიტომ უნდა დატოვონ მათ ხეობა. ეს არის ჩვენი შეთანხმების ნაწილი იმისთვის, რომ რეპრესიული გარემო აღარ იყოს, როცა ჩვენ დავბრუნდებით პროტესტის ძირითად ადგილზე, ანუ იქ, რაც გადახნეს და სადაც აგვიშალეს კარვები. ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ იქ ეხლა, ესეთია შეთანხმება“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მხარეთა შორის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით მორიგი შეხვედრის გამართვა. ვარლამ გოლეთიანის თანახმად, მომდევნო შეხვედრა დაეთმობა ჰესის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირაა კომპანია ხეობაში სამუშაობს აღარ ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში რკინის ჯებირები ცოტა ხნის წინ მოხსნა.

რკინის ჯებირების მოხსნა ერთ-ერთი პირობა იყო რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დასაწყებად. ამ საკითხზე გასულ შაბათს, 12 ივნისს შეთანხმდნენ მხარეები და ამისთვის ვადა ხვალამდე, 18 ივნისამდე იყო დათქმული.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.

ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG