Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობის პირველი მემორანდუმები გაფორმდა


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვატიკანში, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმებს.

კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, კარდინალ ჯუზეპე ვერსალდიმ და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზიმ შეხვედრების შემდეგ მოაწერეს.

ქართული მხრიდან კი მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მოაწერეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველად ხდება სახელმწიფოთა შორის შეთანხმების გაფორმება, განათლების და კულტურის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის მკვლევარებს, მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს უფრო აქტიური თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, საქართველოს მომავალი განვითარებისათვის განათლება და კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებებია. „ამ მხრივ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის ღრმა ტრადიციები და ქრისტიანული ღირებულებები, რომელთა განვითარებაც ძალიან ფასეულია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო-ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველ ქართულ ქრისტიანულ ლიტერატურას თარგმნის.

XS
SM
MD
LG