Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკო დადიანის ახლად გარემონტებულ სასახლეში იატაკის ნაწილი დაშალეს


სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლეში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის წინ დასრულდა, იატაკის ნაწილი დაშალეს.

დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, რომ იატაკის ნაწილს გაუჩნდა ნესტი, რის გამოც სამშენებლო კომპანიამ მისი დროებით დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

ბერაიას სიტყვებით, სასახლე წლების განმავლობაში იყო ამორტიზებული, ჰქონდა ნესტი და სოკო და მიუხედავად იმისა, რომ რეკონსტრუქციისას ყველა პრობლემა აღმოფხვრეს, სავარაუდოდ, მცირე შეცდომა მაინც გაიპარა.

„მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები, დაათვალიერეს და ეს პროცესები კიდევ რომ არ განვითარებულიყო, აყარეს ეს იატაკი, რათა რამდენიმე დღის განმავლობაში გაშრეს, რის შემდეგაც ნესტსაწინააღმდეგო საშუალებებით დაამუშავებენ“, - უთხრა ლილი ბერაიამ რადიო თავისუფლებას.

ნიკო დადიანის სასახლეში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ორ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. სარემონტო სამუშაოები კომპანია „ტაო ტბელმა“ ჩაატარა. პროცესი 2015 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. „ტაო ტბელის“ დამფუძნებელი რამაზ ებრალიძე ირწმუნება, რომ სოციალური ქსელით ნიკოსეული სასახლის მდგომარეობაზე არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, თითქოს სასახლის პირველ სართულზე, ოთხ ოთახში დაშალეს იატაკი. ის ამბობს, რომ დანესტიანდა მხოლოდ სამი-ოთხი კვადრატული მეტრის მონაკვეთი.

„ამ ერთ ოთახში ჩვენ იატაკი პრევენციის მიზნით ავყარეთ, რომ დავაკვირდეთ და შევისწავლოთ რატომ არის ეს ნესტი და რის გამოა. მანდ დაგებულია 2100 კვ მეტრის იატაკი და არ დაზიანებულა ისე, რომ საგანგაშო იყოს“, - უთხრა „ტაო ტბელის“ დამფუძნებელმა რადიო თავისუფლებას. რამაზ ებრალიძე აცხადებს, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

ნიკოსეული სასახლის პირველ სართულზე იატაკის ნაწილის დაშლის შესახებ ცნობა ფოტოებთან ერთად „ფეისბუკზე“ გაავრცელა ზუგდიდელმა მაია კალანდიამ. მისი ცნობით, მასალა სასახლის თანამშრომლებისგან მიიღო. ამბობს, რომ 150 წლის შენობის პრობლემა კარგად არ შეუსწავლიათ და ისე მოხდა მისი რეკონსტრუქცია, რაც სამომავლოდ მსგავს პრობლემებს კიდევ გამოიწვევს.

მაია კალანდიას განცხადებით, 2008 წელს, როცა თავად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კულტურისა და განათლების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ნიკო დადიანის სასახლის მდგომარეობა შეაფასებინეს იტალიელ არქიტექტორს და ამიტომაც კარგად იცის შენობის პრობლემები.

„ახლა ამ იატაკს ხომ ცვლიან?- რაც არ უნდა გამოცვალონ, ორ ადგილას კი არა, 100 ადგილას ამოვა სოკო, იმიტომ რომ სოკო მთლიანად აქვს შენობას. ეს არის 150 წლის შენობა და ერთი ხელის მოსმით მიადგნენ და დაიწყეს რეაბილიტაცია“, - განაცხადა მაია კალანდიამ.

სამშენებლო კომპანია „ტაო ტბელის“ დამფუძნებელი რამაზ ებრალიძე კი ირწმუნება, რომ რეკონსტრუქციისას შენობა დეტალურად შეისწავლეს. ის მომავალში მსგავსი პრობლემების გაჩენას გამორიცხავს.

დადიანების სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც შედგება სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან, ზუგდიდის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ნიკოსეული სასახლე XIX საუკუნის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ.

დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექს 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG