Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაბაგარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გმობდნენ ძალადობას, „ოცნების" თავმჯდომარე ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას


გიორგი თაბაგარი
გიორგი თაბაგარი

ლგბტქი ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის" დირექტორი გიორგი თაბაგარი ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის და იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაშია. უბრალოდ, სამარცხვინოა ასეთი განცხადება. ეს აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" აღარ შემორჩა ღირებულებები. ეს ნიშნავს, რომ სეკულარიზმის სერიოზული კრიზისი გვიდგას ქვეყანაში და კრემლის მასხარების ჭკუაზე იმართება ქვეყანა", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი თაბაგარმა.

ქვიარ აქტივისტის აზრით, ნაცვლად იმისა, რომ ეფექტიანად მუშაობდნენ სიძულვილის ჯგუფების განეიტრალებაზე, აკეთებდნენ მკაცრ განცხადებებს და გმობდნენ ძალადობას, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას.

ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა.

"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?”, კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”. მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება. კობახიძე ამატებს: „ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

XS
SM
MD
LG