Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღირსების მარში 2021“ - დაიცავს პოლიცია ლგბტქ აქტივისტებს მოძალადეებისგან? 


ლგბტქ ღირსების მარშის თარიღის გამოცხადებასთან ერთად, გააქტიურდნენ სიძულვილის ჯგუფები. ქვიარ აქტივისტები ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიას ელიან, ულტრაკონსერვატორები - „გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვას. 

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

“მარტო არ ხარ, არსებობენ შენნაირები და არსებობენ საზოგადოების სხვა ჯგუფები, რომლებიც მხარს გიჭერენ” - ეს არის მთავარი, რასაც ქუჩაში გასვლით, აქტივისტები ლგბტქ თემის სხვა წევრებს ეუბნებიან. ისინი საჯარო დემონსტრაციით ცდილობენ გააძლიერონ განსაკუთრებით ქვიარ ახალგაზრდები, რომლებიც თვითგამორკვევისა და საკუთარი უფლებების დაცვის რთულ გზას გადიან.

2013 წელს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის მასობრივი დარბევის შემდეგ, ნებისმიერი საჯარო ქვიარ აქტივობა საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაციას იწვევს.

მეტი მოკავშირე: უსაფრთხოების მეტი გარანტია

„თბილისი პრაიდის“ დირექტორი, გიორგი თაბაგარი ფიქრობს, რომ წელს აქტივისტები უარეს სიტუაციაში არიან, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს.

„2013 წელს ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო და სწორედ მისი და გომელაურის - დღევანდელი შს მინისტრის - ლიდერშიპის დროს მოხდა ყველაზე დიდი შავი ლაქა, რაც ლგბტ მოძრაობასთან მიმართებით არსებობს. ეს არ გვაძლევს დიდი იმედის საფუძველს“, - ამბობს თაბაგარი.

ამასთან, ორგანიზატორები ბევრი მოკავშირე საზოგადოებრივი ჯგუფის - სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების - ჩართვით ცდილობენ აიძულონ ხელისუფლება და პოლიცია, დაიცვან მარშშის მონაწილეები მუქარისა და ძალადობისგან.

ხუთი პოლიტიკოსი ლგბტქი თემის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:09:28 0:00

„ჩვენ შემთხვევაში თბილისი პრაიდის ღონისძიებები უფრო პოლიტიკურია და მარშში მონაწილეობაც არის პოლიტიკური განაცხადი. დიპლომატები იქნებიან თუ პოლიტიკოსები, მათი იქ ყოფნით ისინი აძლიერებენ იმ მოძრაობას და გზავნილს უგზანვიან ფართო ჯგუფებს, რატომაა მნიშვნელოვანი ამ საკითხზე გარეთ გამოსვლა და ზოგადად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება“, - ამბობს თაბაგარი.

შევიწროების ქრონოლოგია

„პრაიდ მარშის“ დაანონსებიდან მალე, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰომოფობმა, ულტრაკონსერვატორმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად და „გარყვნილების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მისაღებად.

„გააუქმონ დაანონსებული ე.წ. პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების განვითარებას“, - განაცხადა ვასაძემ.

ვასაძე ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო გასულ წლებშიც. 2019 წელს ის „სახალხო რაზმებისა“ და „ლეგიონის“ შექმნითა და ლგბტ ადამიანებზე ქამრებით ნადირობით იმუქრებოდა. „კომბლების რევოლუციით“ დაემუქრა ის სამართალდამცავებსაც.

მაშინ შსს-მ საქმე აღძრა უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, რაც 6-დან 12 წლამდე, ან 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ლევან ვასაძე არ დაუკავებიათ.

„ის [ლევან ვასაძე] პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს მაშინ, როდესაც რეალურად მისი ადგილი არის ციხეში, იმიტომ, რომ მას აქვს სისხლის სამართლის დანაშაულები ჩადენილი არაერთი, რომლებზეც, სახელმწიფოს არ ჰქონია ჯეროვანი რეაგირება, არის მხოლოდ ერთი გამოძიება დაწყებული, რომელიც თაროზეა შემოდებული მრავალი წელია. და ახლა ის კვლავ აგრძელებს ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაციას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა სუბელიანი, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი.

აქტივისტები პოლიციას აკრიტიკებენ „თბილისის პრაიდის“ ოფისზე თავდასხმების სერიის წინააღმდეგ უმოქმედობის გამო. ანტი-ლგბტ აქტივისტი გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები დღეების განმავლობაში კვერცხებსა და საღებავებს ესროდნენ ოფისს. მათ შორის, მოიპარეს აივანზე გადაფენილი ცისარტყელის დროშაც.

ოფიციალური ინფორმაციით, „პრაიდის“ ოფისზე თავდასხმისთვის ერთი ადამიანი დაჯარიმდა, სამი გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ფალავანდიშვილი, ასევე, თავს დაესხა და დაარბია ქვიარ აქტივისტების ინსტალაცია დედაენის პარკში. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილს მხოლოდ დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განარიდა.

„არც ერთი გამოძიება ბოლომდე არ მისულა. არც ჩვენი სიცოცხლის მოსპობის მუქარებზე, რომლებიც 2019 წელს მივიღეთ და მაშინ დაზარალებულადაც გვცნეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი თაბაგარი, „თბილისი პრაიდის“ დირექტორი.

ანა სუბელიანი იხსენებს დამნაშავის დასჯის „გამონაკლის შემთხვევას“, როცა გეი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების დროს ფილმის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილემ მას მძიმე ნივთი ესროლა.

„გამოძებაც მყისიერად დაიწყო და დაკავებაც მოხდა მოძალადის. იმიტომ, რომ აქ მწვავე ფიზიკურ თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ალბათ სხვა გზა არც იყო, გარდა რეაგირებისა“, - ამბობს ის.

ამასთან, 2021 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადა, რომ დაიცავდა „თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას“.

„სამინისტრო დაიცავს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა“.

„პრაიდი“ აუცილებლად უნდა შედგეს

ახლა უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს „თბილისი პრაიდსა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებში სახალხო დამცველი და დიპლომატებიც მონაწილეობენ.

გიორგი თაბაგარის თქმით, პირველ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს დაზუსტებული გეგმები გააცნეს, მომდევნო შეხვედრებზე კი გაირკვევა, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო.

„სახელმწიფოს აქვს გადაწმყვეტი როლი. აქვს შანსი, რომ გამოასწოროს წარსულში დაშვებული შეცდომები და აჩვენოს საზოგადოებას, რომ ძალადობა იქნება შეუწყნარებელი. ის უნდა იყოს ძალიან მკაფიო და არ მისცეს არც ერთ დაჯგუფებას - პოლიტიკურ თუ არაფორმალურ გაერთიანებებს - იმის საშუალება, რომ ძალადობის და სიძულვილის ტირაჟირება მოახდინონ“, - ამბობს ანა სუბელიანი და განაგრძობს: „სანამ თავს გამიტეხავენ, მანამდე - როცა მემუქრება საფრთხე - უნდა მიცავდეს სახელმწიფო“.

რას გეგმავს ან აკეთებს შსს იმისთვის, რომ „თბილისი პრაიდის“ დემონსტრაციამ ძალადობის გარეშე ჩაიაროს? აძლევს თუ არა შსს გარანტიას „პრაიდ მარშის“ მონაწილეებს, რომ დაიცავს მათ გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვებს ძალადობას? უწყებაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

„პრაიდი აუცილებლად უნდა შედგეს. ჩვენ შევძლებთ, რომ გავიდეთ ქუჩაში და მშვიდობიანად მოვაწყოთ მსველობა“, - ამბობს გიორგი თაბაგარი.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG