Accessibility links

site logo site logo

„არა ფობიას!“ კობახიძისა და სერგეენკოს განცხადებებს ჰომოფობიურს უწოდებს და გმობს


სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ პარლამენტის დეპუტატების ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით ჰომოფობიურს უწოდებს და გმობს. განცხადებას 20-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.

საუბარია კობახიძის 17 ივნისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ ლგბტ თემის წევრებს მარშის გამართვაზე უარი უნდა უთხრან; სერგეენკო ამ საკითხზე ამბობდა, რომ უფლებების შეზღუდვა არ ჰგონია.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ:

  • "ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს, როგორც ჰომოფობიურს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს"...
  • "შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა"...
  • "შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი".

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კობახიძისა და სერგეენკოს მსგავს განცხადებებს შესაძლო გავლენა ჰქონდეთ სამართალდამცავ ორგანოებზე, რადგან არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ეს წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ უზრუნველყოფენ ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას.

"ზემოაღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განაცხადებას ხელს აწერენ: სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!” და „კოალიცია თანასწორობისათვის” წევრი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  2. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  3. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  5. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  6. უფლებები საქართველო (Rights Georgia)
  7. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  8. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  9. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  10. საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  11. თანასწორობის მოძრაობა
  12. ადამიანის უფლებათა ცენტი (HRC)
  13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  14. საფარი
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  16. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. სოლიდარობის თემი
  2. მსოფლიო ექიმები საფრანგეთი (MDM)
  3. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  4. მანდალა
  5. ქალები საერთო მომვლისთვის (WECF) საქართველო
  6. ქალები საქართველოდან
  7. ქალთა მოძრაობა
  8. მოძრაობა სირცხვილია
  9. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  11. პარტიზანული მებაღეობა თბილისში
  12. აკესო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG