Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართავენ


სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს რამდენიმე პოლიტიკური პარტია და ბლოკი. „გაყალბებული არჩევნების“ შედეგების გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „ჰაიასტანი“(სომხეთი) და პარტიები „აიოც აირენიკი“ (სომხური სამშობლო) და „ვერელკი“(აღმავლობა). ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები აცხადებენ, რომ არჩევნები აშკარა დარღვევებით ჩატარდა, არალეგიტიმურია და ხალხის ნებას არ გამოხატავს.

20 ივნისს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53.92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, „ჰაიასტანი“ კი, 21.04%-მა. არჩევნების შედეგი ფაშინიანის პარტიას აძლევს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობას.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კიდევ სამმა ბლოკმა და ოცმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა. თუმცა, სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობით, პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს სულ მცირე სამი პოლიტიკური ძალა, რაც მანდატების მიღების შესაძლებლობას აძლევს იმ საარჩევნო სუბიექტსაც, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ასეთია ბლოკი „პატივი მაქვს“, რომელსაც მხარს უჭერს სომხეთის ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი.

21 ივნისს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხალხმა მას და "სამოქალაქო შეთანხმებას" მისცა ქვეყნის მართვის მანდატი, და მთავარ მიზნად დაასახელა ეროვნული ერთიანობის და თანხმობის მიღწევა. ფაშინიანმა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას უწოდა „ფოლადის რევოლუცია“, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანა უფრო მკაცრი მეთოდებით მართოს და „კანონის დიქტატურა“ დაამყაროს.

კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ამომრჩევლების მოსყიდვის, ზეწოლის და საარჩევნო უბნებზე პროცედურული დარღვევების შესახებ იუწყებოდნენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან მუკუჩიანის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, არჩევნები ძირითადად, კონკურენტული და კარგად ორგანიზებული იყო, თუმცა, პროცესს ჩრდილი მიაყენა პოლარიზებულმა გარემომ და აგრესიულმა რიტორიკამ.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. ოპონენტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებდნენ კაპიტულაციასა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატში და მის გადადგმას მოითხოვდნენ 2020 წლის ნოემბრიდან, როცა რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

2021 წლის მარტში, ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება, რადგან ეს არის საუკეთესო გზა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG