Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდის საკრებულოს წევრი არ აპირებს იდავოს ქალის წინააღმდეგ რომელმაც საღებავი შეასხა


ფატი შენგელია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს.

მისი, როგორც საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილება დღეს ცნო საკრებულომ. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა სხდომის დასრულების შემდეგ მოქალაქე ფატი შენგელიამ, რომელმაც ხელჩანთით შეძლო საღებავის სხდომაზე შეტანა და ყველასთვის მოულოდნელად ის ბასილაიას შეასხა. დეპუტატი, რომლის პერანგიც წითელი საღებავით დაისვარა, იძულებული გახდა სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.

ფატი შენგელია მიიჩნევს, რომ თეიმურაზ ბასილაიას უარი უნდა ეთქვა დეპუტატობაზე და არ შესულიყო საკრებულოში, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნების“ წევრები არიან.

ფატი შენგელია 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ირაკლი გაწერელიას ცოლია. მისი აზრით, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსის ექვსი მგზავრი, რომლებიც წინასაარჩევნოდ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები და ენმ-ის მხარდამჭერები იყვნენ, მმართველი გუნდის მიერ მოწყობილი ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირნენ.

ფატი შენგელიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ თეიმურაზ ბასილაია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დადგნენ მის გვერდით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და არ იმყოფებოდნენ სასამართლო სხდომებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს განიხილავდნენ.

„რვა თვეა ეს საქმე... [განიხილება] ჩვენმა პარტიამ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] რომელსაც 9 წელი იკა გაწერელიამ სიცოცხლე შესწირა, დამაყენეს მარტო. რვა თვეა ამ შემთხვევის ყველაფერი - გამოძიება, პროკურატურა, სასამართლო, შემატოვეს მარტო მე და განაჩენის დღეს თბილისში ვრეკავ, ბიჭების სული მარტო არ დამიყენოთ განაჩენის დღეს... არცერთი მათგანი იქ არ ყოფილა. მათი ჩახოცვის სისხლს არცერთ მათგანს არ ვაპატიებ“, - განაცხადა სხდომაზე ფატი შენგელიამ.

მოგვიანებით კი მან რადიო თავისუფლებასთან მოკლედ განმარტა, რომ თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხა, რადგან არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და საკრებულოს წევრობაზე უარი არ თქვა: „მე ვთხოვე თემურს, რომ არ შესულიყო საკრებულოში, მაგრამ მან საკუთარი კეთილდღეობის გამო იკა გაწერელიას გადააბიჯა. იმიტომაც მიიღო ის რაც მიიღო. მას საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი სხვა არ ამოძრავებს“.

მისივე სიტყვებით, მას არ აკმაყოფილებს სასამართლოს განაჩენი, რომელიც მომხდარის გამო ერთ-ერთი ტრანსპორტის მძღოლის მიმართ დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი დაეკისრა.

„ეს ბიჭები არიან ჩახოცილი და არავინ ხმას არ აიღებს. ამ მიმართულებით აწი დაიწყება საუბარი“, - დასძინა მან.

რაც შეეხება თეიმურაზ ბასილაიას, მისი განმარტებით, ითვალისწინებს მომხდარი ტრაგედიის გამო ფატი შენგელიას მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და საღებავის შესხმის ფაქტზე არ აპირებს სამართლებრივ დავას.

„ირაკლი გაწერელიას, ჩემი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად არ ვაპირებ ამაზე საუბარს. თან ძალიან თვალსაჩინოა, ის რომ ვითარებიდან გამომდინარე ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყველას ვერ დაავალდებულებ ის ტრაგედია, რაც მოხდა თანაბრად გადახარშოს. ვფიქრობ, რომ მას ამ შემთხვევაში თანადგომა სჭირდება და ფსიქოლოგიური დახმარება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თეიმურაზ ბასილაიამ. მან ზუგდიდის საკრებულოში დეპუტატი ანა წითლიძე შეცვალა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტის წევრი გახდა.

2020 წლის ოქტომბერში გორის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG