Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეონაცისტები თავს დაესხნენ პანკკონცერტს თბილისში - შსს საქმეს ძალადობის მუხლით იძიებს


19 ივნისს თბილისში გამართულ პანკკონცერტზე ნეონაცისტების დაჯგუფება აგრესიულად და უხეშად ეცადა კონცერტის ჩაშლას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუსიკოსებსა და მათ მსმენელებზე თავდასხმას ძალადობად მიიჩნევს და საქმეს 126-ე მუხლით იძიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით იდეოლოგიურ ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს პოლიცია ამ ეტაპზე უფრო მსუბუქ კვალიფიკაციას აძლევს.

შაბათს, 5 პანკჯგუფის მონაწილეობით კონცერტი პანდემიის დაწყებიდან პირველად გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თვალს ადევნებენ ექსტრემისტულ დაგუჯგუფებებს, ამბობენ, რომ პანდემიის გამო რელურ სივრცეში ნეონაცისტური დაჯგუფებებიც არ ჩანდნენ და ამ ხნის განმავლობაში ისინი ძირითადად ონლაინ აქტიურობდნენ. უმეტესად შავ ტანსაცმელში ჩაცმული, სვირინგებიანი, თავგადაპარსული, აგრესიული ახალგაზრდების გამოჩენამ, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი მარჯანიშვილს, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე გაახსენა.

გიორგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იპოდრომის თავდასხმა საყურადღებოა იმის გამო, რომ ამჯერად დაჯგუფება საკმაოდ დიდი იყო - რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. მას საგანგაშოდ მიაჩნია ისიც, რომ პანკკონცერტზე მისული ჯგუფის წევრების უმეტესობა არასრულწლოვანი იყო. იპოდრომზე თავდამსხმელებს მაისურებზე „თეთრი სიამაყე“ ეწერათ, რომელიც „თეთრი ნაციონალისტებისა“ და ნეონაცისტების ლოზუნგია - გიორგი მარჯანიშვილი ამბობს, რომ ამგვარი მაისურებით გამოჩენა იმის ნიშანია, რომ ისინი შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებენ და ფინანსურადაც უზრუნველყოფილები არიან.

„სავარაუდოა, რომ ნეონაცისტური ჯგუფის წევრების აგრესიული თავდასხმის მიზეზი პანკჯგუფების სიმღერების ტექსტები გახდა, კონკრეტულად კი, ჯგუფი “გერჩის” კომპოზიცია “ყარს”, რომელიც ღიად აკრიტიკებს ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას”, - თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ „ჩართულობისა და განვითარების ცენტრში“.

„ხელს უმართავ რადიკალურ, მემარჯვენე მარშებს

ტვინგარეცხილ პატრიოტებს, საზარბაზნე ფარშებს

თავისუფლების იმედებს ჩანასახში კლავენ,

დარბიან და გაჰყვირიან: Georgien über allen!

დღეს საქართველო ვერ გამისწორებს თვალს

ყოველდღიურად ახალგაზრდობას კლავს

ავტობუსში მყოფ დასაბან იღლიას გავს

და მთელი თავისი დიდებულებით...

ყარს!

ყარს!

ყაააარს!” - ეს არის ნაწყვეტი სიმღერიდან, რომელიც შეურაცხყოფად მიიჩნიეს ახალგაზრდა ქართველმა ნეონაცისტებმა.

რადიო თავისუფლებას კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე მუსიკოსი უყვება, რომ აგრესია ნეონაცისტური დაჯგუფებებისგან ამ სიმღერის მიმართ ადრეც თვალსაჩინო იყო, თუმცა უფრო ონლაინსივრცეში. აგრესიული კომენტარები ამ სიმღერის ვიდეოს ქვეშ youtube-ზე ისე ორგანიზებულად ჩნდებოდა არა მხოლოდ საქართველოდან, რომ ჯგუფის წევრებმა მაშინ გადაწყვიტეს, არც ერთი კომენტარი არ წაეშალათ და შეენახათ, როგორც მტკიცებულება.

„როცა მემარჯვენეს ერჩი ჩხუბიც უნდა შეგეძლოს ჰა ბიჭო რომელიმეს სპარინგი ხოარ გინდათ შიშველი ხელებით **ეებო!“

„ჰაა თქვე ქათმებო, ტყეში მოდით, გასცდით ინტერნეტს” - ამგვარი შინაარსის არაერთი კომენტარია იმ სიმღერის ქვეშ, რომელმაც ჯერ კიდევ თვეების წინ მიიქცია ნეონაცისტების ყურადღება.

„ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მოვიდოდნენ კონცერტზე. პირადად მანამდე არც ერთი არ გვყავდა ნანახი. ეგრევე მიიქციეს ყურადღება სკინჰედებით, ნაცისტური ტანსაცმლით და ატრიბუტიკით, პანკები ადვილად ვცნობთ მაგათ, დიდი ისტორია აქვს პანკებისა და ნაცისტების დაპირისპირებას. თავიდან “სლემაობა” [დაჯახება ცეკვის დროს] დაიწყეს, მერე ბოთლების სროლაზე და აგრესიაზე გადავიდნენ, ანტიფებს გვეძახდნენ და კომუნისტებს. რა გაგებაა, რომ ფაშისტი თუ არ ხარ, კომუნისტი ხარ, არ ვიცი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონცერტში მონაწილე ერთ-ერთი მუსიკოსი.

თვითმხილველების მონათხრობით იპოდრომზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ასეთი სურათი იხატება: ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პანკჯგუფებს და პირველივე შესაძლებლობაზე ხელიდან არ გაუშვეს შანსი, თავს დასხმოდნენ მუსიკოსებს და მათ მსმენელებს. საქმეში პოლიცია მაშინ ჩაერთო, როცა მუსიკოსებს და მათ გულშემატკივრებს ნეონაცისტური ჯგუფის წევრები უკვე ტერიტორიიდან გაჰყავდათ. რამდენიმე თვითმხილველი ამბობს, რომ მათგან რამდენიმეს პნევმატური იარაღიც ჰქონდა - რადიო თავისუფლებას წყარო უყვება ერთი დაჭრილის შესახებ, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიუღია, მაგრამ სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კონცერტზე მყოფები ჰყვებიან, რომ პოლიციამ მოძალადე ჯგუფის ათამდე წევრი ფორმალურად დააკავა - რეალურად კი ისინი იპოდრომის ტერიტორიას განარიდა და პოლიციის შენობაში ჩვენებების მისაცემად წაიყვანა. ჩვენებების მისაცემად იბარებენ პანკის მოყვარულებსაც - მათ ნაწილს აქვს ძალადობის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალაც. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობითვე, კონცერტისა და დაკითხვების შემდეგ მუსიკოსებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ და ითხოვენ შეხვედრას და პასუხს იმის გამო, რომ „ბავშვებს სცემეს”.

„2019 წელს გავაკეთეთ ჩვენ ულტრამემარჯვენე ჯგუფების შესახებ კვლევა და იქ ვწერდით, რომ არსებობს პირობითად რამდენიმე თაობა საქართველოში, რომელთაგან ყველაზე ახალგაზრდა ძირითადად ონლაინსივრცეში ჩანს და იქ აქტიურობს. რეალურად, ეს ხალხი ძალის დემონსტრირებას არ ახდენდნენ - იპოდრომის შემთხვევა გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ყველაზე ახალგაზრდა თაობაც ამ ორ წელიწადში გაძლიერდა, მეტად გაბედულები გახდნენ და გარეთ გამოდიან”, - ამბობს გიორგი მარჯანიშვილი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ამ საქმეზე დაინტერესდეს სიძულვილის მოტივის არსებობით.

„ერთ ჩვენ ნაცნობს პოლიციაში გამოკითხვაზე კითხეს, მაინცდამაინც თქვენ რატომ გერჩიან ეს ახალგაზრდებიო და იმან რომ დაიწყო ახსნა, რომ პანკი არ მოწონთ, იდეოლოგიური შეუთავსებლობაა, ისინი ნაცისტებად თვლიან თავს და ეს დაპირისპირება მთელ მსოფლიოში არსებობს, პოლიციელმა “პანკი” და “ნაცისტი” სანამ არ დაგუგლა, ვერ მიხვდა, რას ელაპარაკებოდა. მერე კი მიხვდა და იკითხა, უი, ეს "დედისერთა ფაშისტის” “სასტავი” არიო?” - უყვება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც კონცერტზე იყო.

ქართული ნეონაცისტური და ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკის უკან მესამე სექტორი რუსეთს ხედავს. „ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში - „ქართული ნეონაციზმის ანატომია“.

ვერც გიორგი მარჯანიშვილი და ვერც მუსიკოსები ვერ ამბობენ, რამდენად შეიძლება ეს ახალგაზრდა ნეონაცისტების ჯგუფი დაკავშირებული იყოს ცნობილ კონსერვატორ და ულტრამემარჯვენე აქტორებთან, მაგალითად, ლევან ვასაძესთან, გურამ ფალავანდიშვილთან ან „ქართულ მარშთან”, თუმცა გიორგი მარჯანიშვილს აქვს განცდა, რომ მათი გააქტიურება პრაიდის თვეში საყურადღებოა. რადიკალ ჯგუფებს ახალისებს ძალადობის ფაქტებზე დაუსჯელობის პრაქტიკა. ბოლო თვეებსა და წლებში ჩადენილ ძალადობის ფაქტებსა და ძალადობრივ განცხადებებზე არც ლევან ვასაძეს და არც გურამ ფალავანდიშვილს სამართლებრივად პასუხი არ უგიათ.

„ალბათ გააქტიურდნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო - ამგვარ ჯგუფებს ყოველთვის და ყველგან იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. არ ვიცი, ახლა კონკრეტულად ვინ აფინანსებს ამ ახალგაზრდებს ან თუ დგას მათ უკან რომელიმე პარტია, მაგრამ რაღაც დონეზე მობილიზაციის განგაშს მე ვხედავ. თუნდაც დმანისში ეთნიკურად ქართველებისა და ეთნიკურად აზერბაიჯანელების დაპირისპირების დროს თვალსაჩინო გახდა ნეონაცისტური ჯგუფების აქტიურობა ინტერნეტში. ადრე ასე არ ჩანდნენ. ჩანდნენ, როცა იყო მაგალითად “პატრიოტთა ალიანსის” აქციები, ან რაიმე ამგვარი აქტივობა და ახლა გამიზნულად, დალაგებულად მოვიდნენ და იძალდეს მასზე, ვინც არ მოწონთ იდეოლოგიურ ნიადაგზე. მე საშიშროებას ვხედავ და, წესით, ამაზე სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს”, - ამბობს გიორგი მარჯანიშვილი.

ხელისუფლებისა და რადიკალური ჯგუფების ოქროს კვეთა
please wait

No media source currently available

0:00 0:26:59 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG