Accessibility links

site logo site logo

19-21 ივნისს დაზარალებულთაგან ვინ რამდენ კომპენსაციას მიიღებს - კანონპროექტი


საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელითაც 2019 წლის 19-21 ივნისს დაზარალებულებს მიყენებული ზიანი კომპენსირებით აუნაზღაურებათ. დოკუმენტი ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" და "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" მოამზადეს.

"ასეთი ზიანი შეუფასებელი, მაგრამ ეს არის მინიმალური ვალდებულება, რაც შეიძლება სახელმწიფომ აიღოს. სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა კომპენსაციებს თუ გადავხედავთ, ამ კანონპროექტში წერია ორჯერ და სამჯერ მეტი თანხა... კომიტეტის სხდომაზე მსჯელობის დროს ეს თანხები შესაძლოა, რომ შეიცვალოს", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.

კანონპროექტის მიხედვით, ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილი "გავრილოვის ღამეს" დაშავებული ადამიანები. შესაბამისად, განსხვავებულია თანხებიც:

  1. სხეულის ან/და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 1000 ლარი;
  2. სხეულის ან/და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 2000 ლარი;
  3. სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის ერთჯერადად გაიცემა 3000 ლარი; ​
  4. პირები, რომლებსაც ამ დროს მიადგათ სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, სხეულის ან/და მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება ან/და ინვალიდობა, ერთჯერადად მიიღებენ კომპენსაციას 12 000 ლარის ოდენობით და ყოველთვიურ კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით, სიცოცხლის ბოლომდე.

გარდა ამისა, მათ კომპენსაციის სახით ასევე ანაზღაურდებათ (საჭიროების შემთხვევაში - წინსწრებით) მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯები სრული ოდენობით.

"იმ პირებს, რომლებმაც 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულის ან/და ჯანმრთელობის დაზიანების გამო მიიღეს მორალური ზიანი აღნიშნული ზიანი შესაძლებელია აუნაზღაურდეთ სასამართლოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით", - ვკითხულობთ კანონპროექტში.

დოკუმენტი ამოქმედების შემთხვევაში ერთგვარად გაამარტივებს დაზარალებულების სახელმწიფოს მიერ აღიარებას. მაშინ, როცა პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ რამდენიმე პირს ანიჭებს, 19-21 ივნისის მოვლენების დროს რამდენიმე ათეული მოქალაქე და ჟურნალისტი დაშავდა.

კომპენსირების მიღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ მოვლენების დროს დაშავებული ადამიანი წარადგენს მტკიცებულებას "ფოტო, ვიდეო ან/და სხვა სახის ელექტრონული გამოსახულებით, რომლითაც დასტურდება 2019 წლის 19-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებისას პირისათვის სხეულის ან/და ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა სახის დაზიანების მიყენება.

20 ივნისის ღამეს სხვა ათობით ადამიანთან ერთად დემეტრე ნაყოფიაც დაშავდა. მან სახის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და მხედველობის აღსადგენად ჯერ კიდევ მკურნალობს. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვერანაირი კომპენსაცია მას ზიანს ვერ აუნაზღაურებს.

"ეს არის აბსურდი. მე არც ვიცოდი ამ თანხების შესახებ... არავინ დამკავშირებია მე", - უთხრა დემეტრე ნაყოფიამ რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ აპირებს საკმოიტეტო მოსმენებზე დააფიქსიროს თავისი პოზიცია.

ამავე ღამეს მეორე თვალითაც მხედველობა დაკარგა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე კობა ლეთოდიანმა. მისი შვილი ნათია ლეთოდიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოპოზიცია, რომელიც 19-21 ივნისის ღამეს დანაშაულის ჩამდენების ამნისტიას დათანხმდა, ახლა მათი გულის მოგებას ცდილობს.

"ეს კანონი მათ მიერ ხელმოწერილ ამნისტიაზე თანხმობას ვერ გაათანაბრებს. ეს ხელისუფლების ვალდებულება ისედაც იყო... იმდენად ნიჰილისტურად ვართ განწყობილები, რომ გვგონია, რომ ეს კანონი ჩავარდება", - ამბობს ნათია ლეთოდიანი.

ამ ეტაპზე უცნობია "ქართული ოცნება" დაუჭერს თუ არა ამ კანონპროექტს მხარს. კანონი მიღების შემთხვევაში 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მანამდე მთავრობას ვალდებულება ექნება სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს საკითხი და აღრიცხოს 19-21 ივნისს დაზარალებული პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG